LIVE

ენტონი ბლინკენი ხვალ უკრაინაში ჩავა

18 იან 202220:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1526
ენტონი ბლინკენი ხვალ უკრაინაში ჩავა
Andrew Harnik/AFP/Getty Images

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 19 იანვარს კიევს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შეხვედრების მიზანი “უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი” ერთგულების განმტკიცებაა. 

“ვიზიტი ფართო დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ერთიანი მიდგომის შესამუშავებლად იმ საფრთხის გადასაჭრელად, რომელსაც რუსეთი უქმნის უკრაინას. ერთობლივი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რათა წავახალისოთ დიპლომატია და დეესკალაცია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე”,- განაცხადა პრაისმა.

ევროპული ტურნეს ფარგლებში ბლინკენი 20 იანვარს ბერლინში გაემგზავრება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ანნალენა ბაერბოკს შეხვდება.

რუსეთმა 100 000 ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინის საზღვართან და მოითხოვა, რომ ქვეყანა არასოდეს გახდეს ნატოს წევრი. გასულ კვირას, სამდღიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. დასავლელმა და რუსმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიციები გაყოფილია უსაფრთხოების კონფლიქტის ინტერესების გამო და სამხედრო კონფლიქტის მუდმივ რისკებზე გაამახვილეს ყურადღება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატლინ ჰანტერი