LIVE

კლუბები მთავრობას დაუმორჩილებლობას უცხადებენ

27 დეკ 202111:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 1196
კლუბები მთავრობას დაუმორჩილებლობას უცხადებენ

აკრძალვის მიუხედავად, საკლუბო ღამეები მაინც ჩატარდება. ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადებით, მთავრობის მიერ გახსნის წინაპირობად შეთავაზებულია უსამართლო და დისკრიმინაციული მოთხოვნები.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კვლავ არ გვაძლევს საქმიანობის უფლებას, საქართველოში არსებული ყველა კლუბის წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება - ვაგრძელებთ საკლუბო ღამეების ჩატარებას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით ვაგრძელებთ, რომლის შემუშავებაზეც უამრავი დრო და რესურსი დაიხარჯა და რომელიც აღიარებულია თავად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

25 დეკემბერს, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ისინი დაინტერესებულები იყვნენ პრობლემის მოგვარებით. გაიმართა შესაბამისი შეხვედრაც მთავრობის კანცელარიაში. სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების მიერ საკლუბო სივრცეების გახსნის წინაპირობად წარმოდგენილი იყო შემდეგი შეთავაზება: 31 დეკემბრიდან 14 იანვრამდე საკლუბო სივრცეებში ჩატარდეს 6 სატესტო ღონისძიება, რის შემდეგაც, ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარების მოსალოდნელი დამძიმების გამო, კვლავ გაურკვეველი ვადით შევწყვიტოთ მუშაობა, რა შემთხვევაშიც თებერვლის თვეში ანაზღაურდება წვეულებების გაუქმებით მოყენებული ზარალი; საკლუბო სივრცეებში უნდა დავუშვათ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები, რომლის საფასურის გადახდაც თავად სტუმარს ეკისრება. ხოლო რა პირობებით მოხდება დასაქმებული პირების დასწრება ჯერ კიდევ დაუდგენელია.

ჩვენი აზრით, იმის პარალელურად, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით თავად ხელისუფლების მიერ იმართება მრავალათასიანი საახალწლო კონცერტები და შეკრებები, ეს შეთავაზება უსამართლო და დისკრიმინაციულია და ამასთანავე, შეუსაბამოა კვლევებზე დაფუძნებულ პროტოკოლთან, რადგან არ ემსახურება უსაფრთხო სივრცის კონცეფციას და არ ისახავს მიზნად ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობას",- აღნიშნულია განცხადებაში. 

ამასთან, სექტორი პროტესტს აანონსებს, თუ კლუბების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება მოხდება.

"საერთო შეთანხმებამდე, კლუბები ვაგრძელებთ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით წვეულებების გამართვას, ხოლო  იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, მზად ვართ კიდევ უფრო გავამკაცროთ კარის პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში, კლუბების მიმართ შესაძლო სადამსჯელო ღონისძიებები აღქმული იქნება, როგორც ხელისუფლების მიერ გამოხატული კიდევ ერთი მტრული და დისკრიმინაციული ნაბიჯი, რაც უპირობოდ გახდება პროტესტის საფუძველი. ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ სახელმწიფო სამართლიან, ჩვენი სფეროს ინტერესებსა და საზოგადოების ჯანმრთელობის იდეაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს“,- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, საქართველოში ღამის კლუბების ფუნქციონირება ორი წელია აკრძალულია. სექტორის წარმომადგენლები კლუბების გახსნას ჯერ კიდევ 17 დეკემბრიდან ელოდნენ, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ კლუბები არ გახსნა და ეს ომიკრონის შტამის სწრაფად გავრცელების რისკით ახსნა. ამასთან, საკლუბო ღონისძიების გამართვის გამო შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.