LIVE

საწვავის გაიაფება დაიწყო

21 დეკ 202116:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 4399
საწვავის გაიაფება დაიწყო

საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყო. „ვისოლის“ ქსელში ფასმა დღეს 5 თეთრით დაიკლო და როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიაში განუცხადეს, ფასის შემცირება მომავალი კვირიდან კვლავ გაგრძელდება.

„ვისოლის“ ქსელში ეკო სუპერის ფასი 3.33 ლარი გახდა, ეკო პრემიუმის 3.25 ლარი, ეკო დიზელის 3.22 ლარი, ევრო დიზელის 3.17 ლარი, დიზელ ენერჯის კი 3.13 ლარი. ყველაზე მოთხოვნადი ევრო რეგულარის ფასი ჯერჯერობით კვლავ უცვლელია და 3.15 ლარია.

რაც შეეხება არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს, ფასის კლება 5-10 თეთრს შეადგენს. 

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე“ ვანო მთვრალაშვილი საწვავის ფასის კლებას ნავთობის გაიაფებით ხსნის.

„ბოლო პერიოდში მსოფლიოში ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება, რაც დაკავშირებულია ახალი შტამის, ომიკრონის გამოჩენასთან. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მკაცრი ლოქდაუნების შემოღება განიხილება, რაც ნიშნავს, რომ ნავთობის მოხმარება მცირდება, შესაბამისად იკლებს მოთხოვნა. სწორედ ეს გახდა წინაპირობა, რომ ნავთობზე ფასების შემცირება დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტები 100%-ით იმპორტირებულია, შესაბამისად ადგილობრივ ბაზარზე ფასის შემცირების ასახვა რომ მოხდეს, 14-დან 20 დღემდე პერიოდია საჭირო. საქართველოში ფასების შემცირების პროცესი სწორედ ამ ვადაში დაიწყო“,- უთხრა „ბიზნეს ფორმულას“ ვანო მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, საქართველოში საწვავის გაძვირებას "ვისოლისა" და სხვა კომპანიების მიმართ საპროტესტო კამპანია მოჰყვა.