LIVE

ვიზიტორების რაოდენობა პანდემიამდელთან შედარებით 21%-ით აღდგა - TBC CAPITAL

08 დეკ 202110:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 931

2021 წლის 10 თვეში, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა, 2019 წლის დონის მხოლოდ 21%-ს გაუტოლდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების მაღალი აღდგენის ტემპი ახლო აღმოსავლეთიდან შეინიშნება. ვიზიტების რაოდენობაში კი ყველაზე დიდი წილი მეზობელ ქვეყნებს აქვთ.

„ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2019 წლის დონის 35.4%-ს გაუტოლდა. პანდემიის მიერ გამოწვეულმა გაურკვევლობამ მოგზაურების პრიორიტეტები და ქცევა შეცვალა. ისინი შედარებით დიდი ხნით ამჯობინებენ ტურისტულ ლოკაციებში დარჩენას. შესაბამისად, საქართველოში ერთ ვიზიტზე შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2019 წელთან შედარებით“,- აღნიშნულია კვლევაში.

„თიბისი კაპიტალის“ თანახმად, აქტიურმა ადგილობრივმა ტურიზმმა საქართველოში, სასტუმროების საშუალო დატვირთულობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 2021 წელს, თბილისის გარეთ მყოფ სასტუმროებში დატვირთულობის 70% ადგილობრივ დამსვენებლებზე მოდის. საქართველოში სასტუმროების საშუალო დატვირთულობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო 2021 წლის ზაფხულში, არა მხოლოდ დიდ, არამედ საშუალო და მცირე ზომის სასტუმროებშიც.

მკვლევარების განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიაში სამუშაო ძალის დეფიციტი პანდემიის გამო ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. მათივე განმარტებით, სამუშაო ძალის დეფიციტი სხვადასხვა ასპექტებით იყო გამოწვეული, მაგალითად შეცვლილი გარემო და კიდევ უფრო ღრმა ფესვების მქონე პრობლემები, როგორიცაა განათლების სისტემა.