
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის 101 მილიონი ევროს (დაახლოებით 119.9 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სესხი დაამტკიცა. როგორც ADB-ში განმარტავენ, სესხი გამოიყო ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და უკვე არსებულის რეაბილიტაციისთვის, ასევე ურბანულ ცენტრებში სერვისების გასაუმჯობესებლად ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაზრდის მიზნით.
ADB-ის ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროექტი წინასწარი გათვლებით თბილისსა და რეგიონებში 1.5 მილიონ ადამიანს მოუტანს სარგებელს.
საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი $3.92 მილიარდს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები $28.9 მილიონის ოდენობისაა.
ცნობისთვის, წლის ბოლოს საქართველოს 32.2 მილიარდ ლარზე მეტი ვალი ექნება. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის €75-მილიონიან დახმარებაზე, რის საპასუხოდაც ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.