LIVE

OECD ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე საექსპორტო კრედიტის გაცემას წყვეტს

25 ოქტ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1097
OECD ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე საექსპორტო კრედიტის გაცემას წყვეტს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის საექსპორტო კრედიტების გაცემას შეწყვეტენ. ამის შესახებ ინფორმაციას OECD ავრცელებს.

შეთანხმებას უერთდებიან ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ევროკავშირი, იაპონია, კორეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

OECD-ს განაცხადებით, აკრძალვა ეხება ნახშირზე მომუშავე ახალ ელექტროსადგურებს, რომლებიც ნახშირბადის შთანთქმის, უტილიზაციისა და შენახვის ოპერაციის გარეშე (CCUS) ფუნქციონირებს.

არსებული ქვანახშირის ელექტროსადგურებისთვის კრედიტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ დაბინძურების შემსუბუქებისა და ნახშირბადის შთამნთქმელი მოწყობილობებისთვის, რაც არ ემსახურება ობიექტის უფრო ხანგრძლივ ფუნქციონირებას.

ქვანახშირი მიიჩნევა ყველაზე ბინძურ საწვავად, რომელზეც მოდის ნახშირბადის ემისიების ძირითადი წილი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განვითარებული ქვეყანა ცდილობს შეამციროს მისი გამოყენება, პარალელურად ისინი ხშირად აგრძელებენ ქვანახშირის გამოყენებაზე დაფუძნებული პროექტების საზღვარგარეთ დაფინანსებას.

აკრძალვა, რომელიც წინ უძღვის COP26 კლიმატის კონფერენციას, სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს ამოქმედდება.

ღონისძიება წელს 31 ოქტომბერს იწყება და მას უწოდებენ კაცობრიობის "უკანასკნელ საუკეთესო შანსს", რათა მსოფლიომ კლიმატის დამანგრეველი ცვლილებები თავიდან აირიდოს.