LIVE

WHO ღარიბი ქვეყნების ანტივირუსული აბებით უზრუნველყოფას ცდილობს

19 ოქტ 202121:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 986
WHO ღარიბი ქვეყნების ანტივირუსული აბებით უზრუნველყოფას ცდილობს
Reuters

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია”(WHO) ახალი პროგრამის ACT-A ფარგლებში შეეცდება, რომ ღარიბმა ქვეყნებმა Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

სააგენტოს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, რომელშიც მომავალი წლის სექტემბრამდე პროგრამის მიზნებზეა საუბარი, დაკონკრეტებული არ არის, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საუბარია Merck-ის ანტივირუსულ პრეპარატ "მოლნუპირავირზე".

პრეპარატის საბაზრო ფასი $700-ია. აშშ 1.7 მილიონი ადამიანის სამკურნალო კურსს სწორედ ამ ფასად ყიდულობს. ჯანმოს სურვილია, რომ ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მასში 70-ჯერ ნაკლები, $10 გადაიხადონ. პროგრამა ქვეყნებს 1 მილიარდი ტესტითა და 120 მილიონი პაციენტისთვის სამყოფი წამლებით უზრუნველყოფს.

პროგრამა ACT-A-ს მიზანია COVID-19 ვაქცინებზე, ტესტებსა და მკურნალობაზე ქვეყნებს თანაბარი წვდომა ჰქონდეთ. ამ მიზნით, ACT-A 2022 წლის სექტემბრამდე G20-ის ქვეყნებისგან და სხვა დონორებისგან დამატებით $22.8 მილიარდის გამოყოფას ითხოვს. ამ დროისთვის დონორებს $18.5 მილიარდის გამოყოფის პირობა აქვთ დადებული. 

ACT-A-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ 13 ოქტომბრით დათარიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მასზე კომენტარისგან თავს იკავებს. დოკუმენტი თვის ბოლოს G20 სამიტის წინ გლობალურ ლიდერებს გაეგზავნება.

კლინიკური კვლევის ბოლო ეტაპის შუალედურ მონაცემების მიხედვით, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck & Co-ის Covid-19 სამკურნალო მედიკამენტმა "მოლნუპირავირმა" ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკი 50%-ით შეამცირა 

Merck-მა საგანგებო გამოყენების ავტორიზაციისთვის აშშ-ის "საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას" გასულ კვირას მიმართა. კომპანია განაცხადის შეტანას სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებშიც გეგმავს. 

ავტორიზაციის შემთხვევაში, "მოლნუპირავირი" იქნება პირველი აბი, რომლითაც COVID-19-ის მკურნალობა იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პანდემიასთან ბრძოლაში ახალი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება.