LIVE

Merck-ი: ჩვენმა მედიკამენტმა კოვიდით ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკი გაანახევრა

01 ოქტ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 851
Merck-ი: ჩვენმა მედიკამენტმა კოვიდით ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკი გაანახევრა
Bloomberg

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck & Co-ის Covid-19 სამკურნალო მედიკამენტმა "მოლნუპირავირმა" ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკი 50-ით შეამცირა. ინფორმაციას კომპანია კლინიკური კვლევის ბოლო ეტაპის შუალედურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

Merck-ი გეგმავს, რომ კვლევა შეაჩეროს და მედიკამენტისთვის საგანგებო გამოყენების ავტორიზაციისთვის აშშ-ის "საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის" მაქსიმალურად სწრაფად მიმართოს. კომპანია განაცხადის შეტანას სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებშიც გეგმავს. 

"ამაზე გასახარს ვეღარაფერს გავიგებთ. თქვენ აღარ დაგჭირდებათ საავადმყოფოში წასვლა, თქვენ არ გჭირდებათ ცენტრში წასვლა გადასხმებისთვის. ეს არის აბი, რომლის მიღებ სახლში შეგიძლიათ”,- თქვა Merck-ის აღმასრულებელი დირექტორმა, რობ დევისმა. 

კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. კომპანიის აქციების ფასი, ნიუ-იორკში ბაზრების გახსნამდე, 4%-ზე მეტით გაიზარდა. 

კლინიკური კვლევის მე-3 ფაზის შემდგომი გაგრძელების საკითხი, სავარაუდოდ, ნოემბერში გაირკვევა. დევისის თქმით, მისი შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული იქნა დამოუკიდებელი კომიტეტის რეკომენდაციით და FDA-სთან თანამშრომლობით. 

მიმდინარე კვირის დასაწყისში Merck-მა წარმოადგინა მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მისი მედიკამენტი აფერხებს კორონავირუსის ძირითად ვარიანტებს, მათ შორის, დელტა შტამს.

"მოლნუპირავირზე" Merck-ი Ridgeback Biotherapeutics-თან ერთად მუშაობს. მედიკამენტი განკუთვნილია არაჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტებისთვის, რომლებსაც სიმპტომები ხუთი ან ნაკლები დღის განმავლობაში აქვთ და დაავადების გართულების საშიშროება ემუქრებათ.

ავტორიზაციის შემთხვევაში, "მოლნუპირავირი" Covid-19-ის სამკურნალოდ შეიძლება მნიშვნელოვანი ახალი ინსტრუმენტი გახდეს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი წლის ბოლომდე 10 მილიონი კურსის ჩატარებისთვის საკმარის მედიკამენტს გამოუშვებს, მომავალ წელს კი წარმოებას კიდე უფრო გაზრდის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიბილა გროსი