
აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა" გარკვეულ ჯგუფებში Covid-19-ის ვაქცინის "ბუსტერ" დოზის გამოყენებას მხარი დაუჭირა.
ასეთ ჯგუფებად განისაზღვრა 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები, პირები, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე 50-64 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და 18-64 წლის პირები, ვისაც სამუშაოს თავისებურების გამო, ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ.
ამ გადაწყვეტილებით CDC დაეყრდნო FDA-ს რეკომენდაციას და არ გაითვალისწინა საკუთარი მრჩეველთა ჯგუფის მოსაზრება, რომელიც პროფესიული საქმიანობის გამო, ადამიანების მე-3 დოზით აცრას მხარს არ უჭერდა.
CDC-ის მიერ "ბუსტერის" მხარდაჭერის შემდეგ, ვაქცინის მე-3 დოზა ხელმისაწვდომი გახდა მილიონობით ამერიკელისთვის. მათ დამატებითი დოზის გაკეთება მე-2 დოზით აცრიდან ექვსთვიანი ინტერვალით შეუძლიათ. "ბუსტერად" გამოყენებული იქნება Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ერთი დოზა.
დელტა შტამის გავრცელების გამო, "ბუსტერ" დოზის გამოყენება უკვე არაერთმა ქვეყანამ დაიწყო. სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში კოვიდთან დაკავშირებული მძიმე ავადმყოფობის რისკს დრამატულად ამცირებს.
საქართველოში მე-3, ე.წ. "ბუსტერ" დოზის გამოყენება ჯერჯერობით დაშვებული არ არის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ფიონა რეზერფორდი, რობერტ ლენგრეტი და ჯოშ ვინგროვი