LIVE

მსოფლიოში საკვების ფასი 60-წლიან მაქსიმუმზეა

19 სექ 202118:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 1105
მსოფლიოში საკვების ფასი 60-წლიან მაქსიმუმზეა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, სურსათის გლობალური ფასები, აგვისტოში წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვნად იზრდება მცენარეული ზეთის, მარცვლეულისა და ხორცის ფასი.  

ამასთან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკვები პროდუქტების ფასები უკეთესობისკენ შეიცვალოს, რადგან ექსტრემალური ამინდი, ტვირთისა და სასუქის ხარჯების ზრდა, გადაზიდვის შეფერხებები და სამუშაო ძალის დეფიციტი, პრობლემას კიდევ უფრო აძლიერებს. უცხოური ვალუტის რეზერვების შემცირება ასევე აფერხებს ზოგიერთი ქვეყნისთვის სურსათის იმპორტის შესაძლებლობას.

საკითხი უფრო მწვავედ დგას განვითარებად ბაზრებზე, რადგან კრიზისისგან დაზარალებულ ქვეყნებში შინამეურნეობების ხარჯების დიდ ნაწილს საკვების ღირებულება შეადგენს.

”მთავრობებს შეუძლიათ ჩაერიონ და აიღონ ვალდებულება სამომხმარებლო ფასების შემცირების მხარდასაჭერად გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება განუსაზღვრელი ვადით”,- ამბობს კალენ ჰენდრიქსი, ვაშინგტონში დაფუძნებული Peterson Institute for International Economics-ის თანამშრომელი. 

FAO-ს მონაცემებით, ინფლაციაზე მორგებული ყოველწლიური ფასები უკვე უფრო მაღალია, ვიდრე გასული ექვსი ათწლეულის თითქმის ნებისმიერ დროს იყო. შედარებისთვის, ახლა საკვების შეძენა უფრო რთულია, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში 2011 წლის საპროტესტო აქციების დროს იყო, რამაც ტუნისში, ლიბიასა და ეგვიპტეში ლიდერების დამხობა გამოიწვია.

საკვების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოშიც. აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ზრდის წლიური დონე 12.8%-ია, რაც 2011 წლის შემდეგ წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

აღსანიშნავია, რომ საკვების გაძვირების კიდევ ერთი მიზეზი მომავალში შესაძლოა, კლიმატის ცვლილება გახდეს. კვლევის თანახმად, თუ ევროპის ქვეყნები გამონაბოლქვს არ შეამცირებენ, უახლოესი ათწლეულების მანძილზე ორჯერ უფრო ხშირად დადგებიან მძიმე გვალვების წინაშე. ეს კი საფრთხეს შეუქმნის სასოფლო-სამეურნეო მოსავალს, ჰიდროენერგეტიკას და მდინარეების ტრანსპორტირებას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აგნისეკა დე სუზა და ჯერემი დაიმონდ