LIVE

ევროპის საკვების ბაზარი პლანეტის დათბობის გამო საფრთხის წინაშეა

15 სექ 202116:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1165
ევროპის საკვების ბაზარი პლანეტის დათბობის გამო საფრთხის წინაშეა
Bloomberg

ახალი კვლევის თანახმად, თუ ევროპის ქვეყნები გამონაბოლქვს არ შეამცირებენ, უახლოესი ათწლეულების მანძილზე ორჯერ უფრო ხშირად დადგებიან მძიმე გვალვების წინაშე.

როგორც Frontiers in Water-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, შესაძლოა, კონტინენტი უფრო ექსტრემალური გვალვებისკენ მიემართებოდეს. ეს, სავარაუდოდ, საფრთხეს შეუქმნის სასოფლო-სამეურნეო მოსავალს, ჰიდროენერგეტიკას და მდინარეების ტრანსპორტირებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზაფხულის რეკორდულმა სიცხემ გერმანიაში უკვე დააშრო მდინარე რაინი და მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია მთელ ევროპაში.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები დიდი ხანია პროგნოზირებენ, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და პირინეის ნახევარკუნძულის რეგიონებს მომავალში უფრო ცხელი და მშრალი პირობები ექნებათ, ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ გვალვის სიხშირე შეიძლება 50%-ით გაიზარდოს ალპებში, საფრანგეთსა და აღმოსავლეთ ევროპაშიც. ასევე შეიძლება შეიცვალოს სეზონური ნალექიც და მეტად ნალექიანი ზამთარი და მშრალი ზაფხული მივიღოთ.

”ზოგიერთ რეგიონში, სადაც გვალვები ამჟამად უმნიშვნელო როლს ასრულებენ, მოსალოდნელია, რომ გვალვის რისკი მომავალში სერიოზული გახდება. ალპები უნდა ჩაითვალოს მომავალ ცხელ წერტილად”,- ამბობს მაგდალენა მიტერმაიერი, მიუნხენის Ludwig Maximilian University-ის ანგარიშის წამყვანი ავტორი.

მიმდინარე თვეში ევროკავშირის ერთობლივი კვლევითი ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევა ვარაუდობს, რომ გვალვით გამოწვეული ზარალი შესაძლოა, წლიურად დაახლოებით 9 მილიარდი ევროდან 65 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონათან ტირონი