
დიდი ბრიტანეთის წამლების მარეგულირებელმა Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად დაამტკიცა. ამ დრომდე ქვეყანაში ვაქცინის მოხმარება 16+ ასაკობრივ ჯგუფში იყო ნებადართული.
ბრიტანეთის “მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს” განცხადებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად ამ ასაკობრივ ჯგუფში კვლევის პოზიტიური შედეგები დაედო.
სააგენტოს განცხადებით, ვაქცინამ 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში 16-25 წლის ახალგაზრდების შედეგი გაიმეორა, რაც სპეციალისტების მიერ ძალიან პოზიტიურად შეფასდა.
Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის ვაქცინის მოზარდებში გამოყენება უკვე დამტკიცებულია აშშ-ში, ევროკავშირსა და კანადაში.
ვაქცინის მწარმოებლებმა მარტში განაცხადეს, რომ კლინიკური კვლევის ბოლო ფაზის მიხედვით, პრეპარატი 12-15 წლის ჯგუფში 100%-ით ეფექტიანია. Pfizer-ი ამჟამად კვლევას 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ატარებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუზი რინგი