
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის უახლოესი ვიზიტი უკრაინაში გამოხატავს ბაიდენის ადმინისტრაციის შეშფოთებას რუსეთის აგრესიული სამეზობლო პოლიტიკის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით შეამსუბუქა დაძაბულობა რუსული ჯარების საზღვრიდან უკან დახევის ბრძანებით, მას მტკიცედ აქვს განზრახული შეასუსტოს უკრაინის მთავრობის კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე. შეერთებულმა შტატებმა და მისი NATO-ს მოკავშირეები კოორდინირებული რეაგირებით უნდა შეხვდნენ საფრთხეს, რაც მოითხოვს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას.
ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის 7-წლიანი კონფლიქტის ინტენსივობამ იმატა. რუსეთმა თითქმის გააორმაგა საკუთარი სამხედრო ძალების რაოდენობა უკრაინის საზღვართან და ყირიმში, რომლის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რეგიონში 100,000-ზე მეტი სამხედროს განთავსება - ტანკებთან, სამხედრო თვითმფრინავებთან, ამფიბიურ მოიერიშე გემებთან და სადაზვერვო თვითმფრინავებთან ერთად - უკრაინაზე თავდასხმის შთაბეჭდილებას ტოვებდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ის მზად არის რუსეთთან ომისთვის, ხოლო პუტინს კონფლიქტის ზონაში ნებისმიერ ადგილას შესთავაზა შეხვედრა. საომარი რიტორიკით გამოსვლის შემდეგ, პუტინმა გამოაცხადა, რომ სასაზღვრო რეგიონში გაგზავნილი ჯარები საკუთარ ბაზებში დაბრუნდებიან, თუმცა გაუგებარია, როდის და რა ტემპით აპირებენ ამის გაკეთებას.
დასავლეთის ლიდერებმა მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ თავიანთი ვალდებულებები უკრაინის უსაფრთხოების მიმართ და საკუთარი სიტყვები ქმედებებით უნდა გაამყარონ.
ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო თანმიმდევრული იყო, ვიდრე საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც თავდაპირველად ორივე მხარეს მოუწოდებდნენ კრიზისის დეესკალაციისკენ, იმის მაგივრად, რომ კონკრეტულად პუტინის ბრალეულობაზე გაეკეთებინათ აქცენტი. პუტინი მიზნად ისახავს ტრანსატლანტიკური ალიანსის გაყოფასა და დასავლეთის ინსტიტუტებში უკრაინის ინტეგრაციის აღკვეთას. ამიტომაც, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ კოორდინირებულად უნდა იმუშაონ ისეთ სანქციებზე, რომლებიც დაწესდება სასიცოცხლო საზღვაო ხაზების ბლოკირების ნებისმიერი მცდელობის, ან სახმელეთო ტერიტორიის ძალით დაკავების საპასუხოდ.
უკრაინა ასევე ისარგებლებს გაძლიერებული სამხედრო დახმარებით. მისი სამხედრო ძალები უფრო დიდია და უკეთესად გაწვრთნილი, ვიდრე ეს იყო ყირიმის ალყის დროს 2014 წელს, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი საშუალება რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად. ბაიდენმა უნდა დაამტკიცოს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების Javelin-ის დამატებითი მიყიდვა და შეამსუბუქოს შეზღუდვები იმის თაობაზე, თუ სად და როგორ შეიძლებს უკრაინა მათ განთავსებას. პენტაგონმა უკრაინას ასევე უნდა მიაწოდოს სარადარო ტექნოლოგია და გემის საწინააღმდეგო რაკეტები, ხოლო პოლონეთში განლაგებული ანტისაჰაერო Patriot-ის ტიპის რაკეტები უკრაინაში გადაიტანოს, როგორც ამას უკრაინის ოფიციალური პირები ითხოვენ. ნატოს ქვეყნებმა უნდა გააფართოონ სამხედრო წვრთნები და უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, უზრუნველყონ პერსონალი და რესურსები შავი ზღვის საზღვაო ბაზების მშენებლობის მხარდასაჭერად.
და ბოლოს, დასავლეთს უფრო მკაფიოდ უნდა ჩაერთოს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან და უკრაინელ ხალხთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კიევში გაგზავნით, ბაიდენი იმედოვნებს, რომ გამოასწორებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან მიყენებულ ზიანს, რომელიც ცდილობდა უკრაინის მთავრობისგან პოლიტიკური სარგებელის მიღებას.
ბაიდენმა ჯერ ელჩი უნდა დანიშნოს უკრაინაში, რაც 2019 წლიდან ვაკანტური თანამდებობაა. ამას გარდა, მან სპეციალური წარმომადგენელი უნდა დანიშნოს, რომელსაც დაევალება ზელენსკის გუნდთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების განახლება დონბასის მომავალის შესახებ და ევროპელ მოკავშირეებთან პოლიტიკის კოორდინაცია.
პუტინის სამხედრო კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან არის დაუცველი მეზობლის დაშინების აქტი და დასავლეთის სიმტკიცის გამოცდა. უკრაინის თავდაცვის უფლების ფართო მხარდაჭერა საუკეთესო გზაა, რომ ამ პროვოკაციებმა ომამდე არ მიგვიყვანოს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის მიხედვით