LIVE

ოკუპირებული აფხაზეთის დიდ ნაწილში ''მაგთიფიქსი'' არ მუშაობს

06 აპრ 202116:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 1257

კომუნიკაციების კომისიამ "მაგთიკომს" "მაგთიფიქსის" მომსახურების ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მისი მომსახურება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის დიდ ნაწილში "მაგთიფიქსი" არ მუშაობს, მოქალაქეებს კი დანარჩენ საქართველოსთან კომუნიკაცია უჭირთ. 

"მაგთიფიქსი", არ იჭერდა ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ საერთოდ გაფუჭდა და აღარ ფუნქციონირებს. შესაბამისად, მას ვეღარ ვიყენებთ, ვერც ვრიცხავთ თანხას. "მაგთიფიქსი" ყველაზე კარგად იჭერდა, ყველაზე იაფი იყო, ჩვეულებრივად შეგეძლო დაგერეკა აფხაზურ ნომერზეც, თუმცა ახლა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით",-აღნიშნავს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ანა ჭაავა.

თავის მხრივ, "მაგთიკომში" აცხადებენ, რომ კომპანიას არცერთი აბონენტისთვის "მაგთიფიქსის" მომსახურება არ გაუთიშავს. კომუნიკაციების კომისიაში კი იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პრობლემა "მაგთიფიქსის" აპარატების ტექნიკურ პრობლემას უკავშირდება და არა კომპანიის მხრიდან მის გათიშვას.

კომუნიკაციების კომისია აბონენტებს მოუწოდებს, განცხადებით მიმართონ მარეგულირებელს და იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს, რომ პრობლემის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი არ არის, კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"თუკი ტექნიკური ხარვეზი არსებობს და ტექნიკური ჯგუფი დაადგენს, რომ ოპერატორმა უნდა გამოასწოროს, პირველ რიგში, ამაზე ხდება მიმართვა, რომ ოპერატორმა დროულად აღმოფხვრას ტექნიკური ხარვეზი, შემდეგ თუკი ამის აღმოფხვრა ვერ ხერხდება, შესაძლოა, რაიმე ადმინისტრაციული წარმოებაც მოხდეს",- განუცხადა "ბიზნეს ფორმულას" კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ

"მაგთიკომს" უკვე რამდენიმე წელია, რაც "მაგთიფიქსზე" ლიცენზიის შეწყვეტა სურს. მიზეზი მოძველებული აპარატები და მომხმარებელთა სიმცირეა. მიუხედავად კომპანიის არაერთი მოთხოვნისა, კომუნიკაციების კომისიამ "მაგთიკომს" კიდევ ერთი უარი გასულ კვირას უთხრა, რაც მაგთიკომისთვის მიუღებელია. კომისიის გადაწყვეტილებით, "მაგთიფიქსის" სერვისის მიღებას 10 ათასამდე აბონენტი კვლავ შეძლებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები.

როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, მიმდინარე წლის მარტში კომპანიის მიერ გადასახდელი ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე შეამცირა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, "მაგთიკომი" ვალდებულია, "მაგთიფიქსის" მომსახურება ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ანუ 2029 წლამდე გააგრძელოს.