LIVE

„მაგთიფიქსი“ არ გაუქმდება, კომისიამ "მაგთის" უარი უთხრა

01 აპრ 202116:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 2613
„მაგთიფიქსი“ არ გაუქმდება, კომისიამ "მაგთის" უარი უთხრა

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ მომსახურების F10 ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

შესაბამისად, „მაგთიფიქსის“ სერვისის მიღებას კვლავ შეძლებს 10 ათასამდე აბონენტი, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები.

„მაგთიფიქსის“ მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რადგან ამ გეოგრაფიულ არეალში სხვა ალტერნატიული საკომუნიკაციო არხების მიღების პრობლემაა," აცხადებს კომუნიკაციების კომისია. 

მაგთიკომის საიტზე 10 მარტს განთავსებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ "რამდენადაც მაგთი ფიქსის მოძველებული ტექნოლოგია აღარ იძლევა სერვისის შენარჩუნების საშუალებას, 2021 წლის 11 ივნისიდან მაგთიკომი იძულებულია გააუქმოს მაგთი ფიქსის მომსახურება."

“მაგთიკომმა“ კომისიას "მაგთიფიქსის" ლიცენზიის გაუქმების თხოვნით 2021 წლის 4 მარტს მიმართა. კომპანიის არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესი არამომგებიანია. თუმცა, ჯერ კიდევ 2019 წლის 13 ივნისს კომისიამ "მაგთიკომს" განუსაზღვრა ვალდებულება, გაეგრძელებინა „მაგთიფიქსის“ მომსახურების მიწოდება ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ან აქტიური აბონენტების ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყოფამდე.

ვინაიდან კომისია მიიჩნევს, რომ ლიცენზიის გაუქმება ქმნის 10 ათასი აბონენტის მომსახურეობის გარეშე დარჩენის საფრთხეს, “მაგთიკომს" მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მომსახურების შეწყვეტა, თუ ქსელის სრულად გათიშვისას მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 11 მარტს კომისიამ კომპანიის მიერ გადასახდელი ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161,000 ლარამდე შეუმცირა. „მაგთიკომს“ ლიცენზიით სარგებლობის გადაანგარიშებული საფასურის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი აქვს და 161,000 ლარიდან ბიუჯეტში 15,000 ლარი უნდა გადარიცხოს იმისთვის, რომ ლიცენზიით 2029 წლამდე ისარგებლოს.