
biletebi.ge-ს უდიდესი მეწილე საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია გახდა.
"ბიზნეს ფორმულას" შპს ელ.ბილეთების (biletebi.ge) დირექტორმა, დავით მიზანდარმა განუცხადა, რომ გარიგება ოთხი თვის წინ შედგა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბილეთების რეალიზატორის 83.3%-ს სააქციო საზოგადოება დიჯითალ არეა ფლობს, დარჩენილ წილებს კი დავით მიზანდარი და გიორგი ჩხიკვიშვილი ინაწილებენ.
"გაძლიერდა გუნდი, მიმდინარეობს განახლება და მალე ახალი სისტემებით და ახალი ინტერფეისით დავუბრუნდებით მომხმარებელს", - ამბობს დავით მიზანდარი.
აღსანიშნავია, რომ biletebi.ge-ს კონკურენტის, ბილეთების კიდევ ერთი მსხვილი რეალიზატორის, „თინეთის“ (tkt.ge) მფლობელი "თიბისი ბანკია".
გასულ წელს დავით მიზანდარი თიბისის მხრიდან შექმნილ არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ tkt.ge ბანკის ფულადი რესურსების ხარჯზე იღებდა ბილეთების ექსკლუზიური გაყიდვის უფლებას. საბოლოოდ biletebi.ge-მ კონკურენციის სააგენტოს მიმართა და ამის საფუძველზე კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო, რომლის შედეგებიც დღეს გახდა ცნობილი. სააგენტომ დაადგინა, რომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზატორები კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებით მოქმედებდნენ. კერძოდ, დარღვევად შეფასდა შპს "სადისტრიბუციო კომპანიას’’ და შპს "თინეთს’’ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების გაყიდვის უფლებას მხოლოდ tkt.ge-ს აძლევდა. ამასთან, კონკურენციის სააგენტომ გარიგების მონაწილედ მიიჩნია შპს "ელ ბილეთები", რომელიც ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ biletebi.ge-ზე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან (biletebi.ge) ასევე მოპასუხე მხარეებს (tkt.ge და კინოთეატრები) ჯამურად, 1.6 მილიონ ლარზე მეტი სანქცია დაეკისრათ. დაკისრებულ ჯარიმას biletebi.ge და კინოთეატრები არ ეთანხმებიან.