
Biletebi.ge კონკურენციის სააგენტოს მიერ მის მიმართ დაწესებულ ჯარიმას არ ეთანხმება და გასაჩივრების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის დირექტორმა, დავით მიზანდარმა განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტომ მოპასუხე მხარეებთან ერთად (tkt.ge და კინოთეატრები), მომჩივანი biletebi.ge-ც დააჯარიმა, 5 368 ლარით. კერძოდ, კონკურენციის სააგენტომ გარიგების მონაწილედ მიიჩნია შპს "ელ ბილეთები", რომელიც ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ biletebi.ge-ზე.
როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნულის საპასუხოდ განმარტავს, მოლაპარაკებებში მათი მიზანი კონკურენციის ზრდა იყო და არა ბაზრის შეზღუდვა.
„ჩვენი მიზანი არასოდეს არ ყოფილა ბაზრის შეზღუდვა და არასოდეს არ დაგვიდია ასეთი შეთანხმება. მოლაპარაკებაში ვმონაწილეობდით, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო, რომ პირიქით, ბაზარზე კონკურენცია ყოფილიყო და ყველა ერთად ვყოფილიყავით. შესაბამისად, არ ვეთანხმებით სააგენტოს გადაწყვეტილებას“,- ამბობს დავით მიზანდარი.
მიზანდარის თქმითვე, Biletebi.ge ზოგადად ეთანხმება სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომ ბაზრის შეზღუდვა და კონკურენციის მოკვლა დაუშვებელია.
საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაადგინა, რომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზატორები კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებით მოქმედებდნენ. კერძოდ, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად შეფასდა შპს "სადისტრიბუციო კომპანიას’’ და შპს "თინეთს’’ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების გაყიდვის უფლებას მხოლოდ თინეთის მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, 3 კომპანიას, ჯამურად, 1.6 მილიონ ლარზე მეტი სანქცია დაეკისრათ.
კერძოდ:
- ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს - „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) - 1 120 562 ლარი;
- შპს „თინეთს“ (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) - 544 328 ლარი;
- შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) - 5 368 ლარი.
კომპანიებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ.