LIVE

ავსტრიული მარეგულირებელი Meta-ს სოციალური ქსელების ფასიანი ვერსიის გამო უჩივის

29 ნოე 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 353
ავსტრიული მარეგულირებელი Meta-ს სოციალური ქსელების ფასიანი ვერსიის გამო უჩივის

ავსტრიულმა ადვოკატირების ორგანიზაცია NOYB-მა Meta Platform-ის წინააღმდეგ, სოციალური ქსელების ფასიანი ვერსიების გამო, სარჩელი შეიტანა. ავსტრიული მარეგულირებელი ამტკიცებს, რომ კომპანიის მიერ დაწესებული გადასახადი არასამართლიანია, რამდენადაც მომხმარებელი თანხას საკუთარი მონაცემების კონფიდენციალურობის დასაცავად არ უნდა იხდიდეს.

NOYB-ი, რომელიც ცნობილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ტექნოლოგიურ კომპანიებთან დაპირისპირებით, ავსტრიულ კონფიდენციალურობის ორგანოს მოუწოდებს Meta-ს წინააღმდეგ დაჩქარებული პროცესი დაიწყოს და ასევე კომპანია დააჯარიმოს.

აღსანიშნავია, რომ Meta-მ Facebook-ისა და Instagram-ის ფასიანი ვერსიები ევროპაში მას შემდეგ ჩაუშვა, რაც ევროკავშირის მარეგულირებლებმა ტექნოლოგიურ კომპანიებს მომხმარებელთა პირადი მონაცემებით სარგებლობის შეწყვეტა მოსთხოვა. საპასუხოდ, Meta-მ სოციალური ქსელების ფასიანი ვერსიები შემოიღო, რომლებიც მომხმარებელს რეკლამისგან თავისუფალ პლატფორმებს სთავაზობს.

ადვოკატირების ჯგუფში აცხადებენ, რომ Meta-ს გადაწყვეტილება ევროკავშირის კანონს ეწინააღმდეგება, რამდენადაც მონაცემების დამუშავების შესახებ თანხმობა ან უარყოფა მომხმარებლის თავისუფალი ნება უნდა იყოს და არა ფასიანი მომსახურება.

„ფუნდამენტური უფლების დაცვის ნაცვლად, Meta-მ კონფიდენციალურობისთვის საფასური დააწესა, რაც მომხმარებელს წელიწადში 250 ევრო უჯდება. ერთია, რომ ფასი მიუღებელია, მაგრამ მეორეა, რომ გადასახადის გამო მომხმარებელთა 99% უარს ამბობს მონაცემთა დაცვის უფლების გამოყენებაზე.

თუ Meta ამ დავაში გამართლდება, მალე სხვა პლატფორმებიც იმავე გზას დაადგებიან“,- აცხადებენ NOYB-ში.

Meta-ს მიერ დაწესებული ტარიფები მობილური ვერსიებისთვის 12.99 ევროს, ხოლო დესკტოპის ვერსიებისთვის - 9.99 ევროს შეადგენს. კომპანიის წარმომდგენლის განცხადებით, ფასი სრულად შეესაბამება ევროპაში დაწესებულ სხვა სააბონენტო გადასახადებს. მაგალითად, Netflix-ის საბაზისო პაკეტი 7.99 ევრო, YouTube Premium-ი 12 ევრო, ხოლო Spotify-ს Premium სერვისი 11 ევრო ღირს.

NOYB-ის საჩივარი განსახილველად, სავარაუდოდ, მონაცემთა დაცვის ირლანდიურ ორგანიზაციას გადაეგზავნება, რადგან Meta-ს ევროპის შტაბი დუბლინში მდებარეობს.