LIVE

Facebook და Instagram რეკლამების გასაუქმებლად ფასიან სერვისს ამატებს

31 ოქტ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 399
Facebook და Instagram რეკლამების გასაუქმებლად ფასიან სერვისს ამატებს

Facebook და Instagram ევროპაში ამატებს ფასიან სერვისს, რომლითაც რეკლამების გაუქმება არის შესაძლებელი

სერვისის საფასური მობილური ვერსიებისთვის 12.99 ევრო, ხოლო დესკტოპის ვერსიებისთვის - 9.99 ევრო იქნება. ფასის სხვაობის მიზეზად კომპანია Apple-სა და Google-ის App Store-ებისთვის დამატებით თანხის გადახდას ასახელებს.  

სერვისი ნოემბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე ევროპის ეკონომიკური ზონისა და შვეიცარიის მისამართებიდან შესული 18 წელზე უფროსი მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, საქართველოდან სიახლით სარგებლობა შესაძლებელი არ იქნება.

Meta-ს განმარტებით, სიახლე დამატებითი შემოსავლის მიღებას არ უკავშირდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროკავშირის მარეგულირებლის მოთხოვნა, ტექნოლოგიურ კომპანიებს მომხმარებელთა პირადი მონაცემებით არ ესარგებლათ. ასეთი კომპანიები მომხმარებლებს რეკლამებს მათივე აქტივობიდან გამომდინარე უგზავნიან. 

რეკლამების შესახებ ევროკავშირის მონაცემების წესების დარღვევისთვის იანვარში Meta ირლანდიის მარეგულირებელმა 390 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ინტერნეტში რეკლამის არსებობას, რითაც ადამიანები მათზე მორგებულ პროდუქტებს და სერვისებს იღებენ, მიუხედავად მათი ეკონომიკური მდგომარეობისა. 

რეკლამისგან თავისუფალი სერვისის შესაძლებლობა აბალანსებს ევროპული მარეგულირებლების მოთხოვნებს, მომხმარებლებს არჩევანის საშუალებას, Meta-ს კი ევროკავშირში, EEA-სა და შვეიცარიაში ყველა მომხმარებლისთვის მომსახურების გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს", - ნათქვამია Meta-ს ბლოგში. 

კომპანია აღნიშნავს, რომ ის პატივს სცემს ევროპულ რეგულაციებს და მზადაა მათ დასაცავად.  

ახლა ევროპელი მომხმარებლების არჩევანი იქნება, გააგრძელებენ თუ არა პლატფორმის უფასოდ გამოყენებას, რაც კომპანიის მიერ მათი მონაცემების შეგროვებას გულისხმობს თუ რეკლამისგან თავისუფალი ფასიანი სერვისით ისარგებლებენ.

მიმდინარე კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X (ყოფილი Twitter) თავის მომხმარებლებს რეკლამისგან გათავისუფლებას სთავაზობს. ეს შესაძლებლობა გათვალისწინებულია Premium+ სერვისში, რომლის ფასი თვეში $16-ია.

რეკლამებისგან თავის არიდების სერვისს ტესტავს TikTok-იც. სერვისის ღირებულება $4.99-ია, თუმცა უცნობია რომელი ქვეყნებიდან იქნება ის ხელმისაწვდომი.