LIVE

Silknet-ის წმინდა მოგება გახუთმაგდა

12 ოქტ 202317:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 702
Silknet-ის წმინდა მოგება გახუთმაგდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში Silknet-ს წმინდა მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხუთჯერ გაეზარდა 92,4 მილიონ ლარამდე.

ამავდროულად, წლის პირველი ნახევრის ფინანსური მიმოხილვის თანახმად, რომელსაც Galt & Taggart აქვეყნებს, კომპანიის EBIDTA (მოგება დაბეგვრამდე, გადასახდელი პროცენტის, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯის გარეშე) 26,2%-ით გაიზარდა 164.1 მილიონ ლარამდე, რამდენადაც შემოსავლების ზრდის ტემპმა გადააჭარბა საოპერაციო დანახარჯებისას. შესაბამისად, კომპანიის მოგების მარჟა რეკორდულ ნიშნულამდე 64%-მდე გაუმჯობესდა (შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი შარშან წლის პირველ ნახევარში 59.3%-ს შეადგენდა).

რაც შეეხება თავად შემოსავლებს, 2023 წლის პირველ ნახევარში Silknet-ის შემოსავალი წლიურად 16,8%-ით გაიზარდა, 256.3 მილიონ ლარამდე. ზრდა ძირითადად განპირობებული იყო მობილური ინტერნეტის გაყიდვიდან მიღებული თანხებით, რაზეც მთლიანი შემოსავლების 26,7% მოდის და 32%-იანი წლიური ზრდით 68.5 მილიონ ლარს აღწევს.

მობილური ინტერნეტის ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების ზრდა ერთი მხრივ, კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის პაკეტების რამდენჯერმე გაძვირებამ განაპირობა, მეორე მხრივ კი - თავად მომხმარებელთა ზრდამ (+7.4%). გარდა ამისა, ზრდის კონტრიბუტორი იყო თავად მოხმარებული ინტერნეტის მოცულობის ზრდაც (+34.1%). წლის პირველ ნახევარში ერთი მომხმარებელი თვიურად 11.1 GB-ს მოიხმარდა, მაშინ როცა შარშან ეს მაჩვენებელი 8.3 GB იყო.

ფასების ზრდას ანალოგიური ეფექტი ჰქონდა ფიქსირებულ ქსელზეც, რომელიც Silknet-ის შემოსავლების რიგით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია და 25.5%-ს აგენერირებს. ფიქსირებული ინტერნეტ სერვისის მიწოდებიდან მიღებული შემოსავალი კომპანიას 21.1%-ით გაეზარდა 65.4 მილიონ ლარამდე.

რაც შეეხება საოპერაციო ხარჯებს, ამ მხრივ ტელეკომ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიას მნიშვნელოვანი ზრდა არ ჰქონია (+1,9%). ხარჯების ზრდას კომპანიამ თავი ნაწილობრივ ლარის გამყარების წყალობით აარიდა (რამდენადაც ვალდებულებების დიდი ნაწილი აქვს დოლარში დენომინირებული), ხოლო მეორეს მხრივ იმის გამო, რომ მისი საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი წილი ფიქსირებულია. საერთო ჯამში, 156.7 მილიონ ლარიან საოპერაციო დანახარჯებიდან კომპანიაში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე მეხუთედი (21.1%) წავიდა და ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მზარდი შემოსავლებისა, Silknet-მა (ისევე როგორც Magticom-მა) არ მიიღო მონაწილეობა 5G ქსელის განვითარების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც აგვისტოში გაიმართა. მიზეზად საკუთარ ქსელზე ვირტუალური მობილური ოპერატორების დაშვების ვალდებულება, ასევე სიხშირეებთან და დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე აუქციონის ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული Cellfie Mobile-ია. მიუხედავად ამისა, Silknet-ის 6 თვის ანგარიშის თანახმად, კომპანიას აქვს მოლოდინი, რომ კომუნიკაციების კომისია "მოძებნის გზას, თუ როგორ ითანამშრომლოს სხვა ოპერატორებთან, მისაღები პირობებით".