LIVE

გაძვირებულმა სერვისებმა სილქნეტის EBITDA მოგების მარჟა 60%-მდე გაზარდა

25 მაი 202316:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 469
გაძვირებულმა სერვისებმა სილქნეტის EBITDA მოგების მარჟა 60%-მდე გაზარდა

გაზრდილი ფასების, აბონენტების და მათ მიერ მეტი მობილური ინტერნეტის მოხმარების დამსახურებით, გასულ წელს Silknet-ს შემოსავლები ლარში 14%-ით გაეზარდა, ₾59.5 მილიონით 473 მილიონ ლარამდე. დოლარში გამოხატული ზრდა 26.38%-ია, $128.4 მილიონიდან $162.2 მილიონამდე.

შემოსავლების მთავარი გენერატორი მობილური სერვისებია (57%) და კომპანიის მიერ ფასების ორჯერადი კორექტირების წყალობით, ამ მიმართულებიდან სილქნეტმა შარშან 22,6%-ით მეტი შემოსავალი მიიღო. კერძოდ, მობილურმა აბონენტებმა სილქნეტს გასულ წელს ₾245 700 000 გადაუხადეს, მაშინ როცა 2021 წელს აბონენტების დანახარჯი მობილურ სერვისებზე ₾200 300 000 იყო.

შეგახსენებთ, სილქნეტმა მობილური სერვისების ფასები და პაკეტები, ზუსტად ისევე როგორც მისმა კონკურენტმა "მაგთიკომმა", გასულ წელს ორჯერ დააკორექტირა. კომპანიებს ხელ-ფეხი მას შემდეგ გაეხსნათ, რაც კომუნიკაციების კომისიამ საცალო ტარიფის რეგულირებაზე უარი თქვა. პირველ ჯერზე, სილქნეტმა მომსახურება გააძვირა თებერვალში, ხოლო მეორედ - ივლისში. გარდა ამისა, კომპანიამ არა მხოლოდ მობილური სერვისები, არამედ ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტებიც გააძვირა - კერძოდ, აგვისტოში.

თიბისი კაპიტალის თანახმად, სილქნეტის 24,8%-ით გაზრდილი EBITDA (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე) სწორედ სერვისის გაძვირებით განპირობებული გაზრდილი შემოსავლების დამსახურებაა. ამავდროულად, კომპანიის EBITDA მოგების მარჟა 5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა 60%-მდე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შემოსავლების საგრძნობი ზრდის მიუხედავად, მისი ხარჯები თითქმის იგივე დარჩა.

რაც შეეხება მომხმარებელთა რაოდენობას, სილქნეტის მობილური სერვისების აბონენტთა რიცხვი 4,5%-ით, 1 796 000-მდე გაიზარდა გასული წლის ბოლოსთვის. 7.83%-ით, 300 ათასიდან 324 ათასამდეა გაზრდილი ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა, ხოლო ინტერნეტ ტელევიზიის მომხმარებელთა რიცხვი შემცირებულია - 0.60%-ით, 252 ათას ადამიანამდე. 10.69%-იანი კლებაა ფიქსირებული სატელეფონო კავშირის აბონენტებში, რომელთა რაოდენობა გასული წლის ბოლოსთვის 171 ათასს შეადგენდა.

კომპანიაზე პოზიტიურად აისახა ლარის გამყარებაც, რადგან სილქნეტის ევრობონდები დოლარშია დენომინირებული და მისთვის სავალუტო ბაზრიდან მომდინარე რისკი ერთ-ერთი ძირითადია. ამ რისკების განეიტრალების მიზნით, კომპანიის ლიკვიდური აქტივები ძირითადად ვალუტაშია დენომინირებული. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად, კომპანიისთვის სავალუტო რისკები განეიტრალდა და საბოლოოდ, კომპანიის დანაკარგები შემცირდა, რამაც ჯამური კაპიტალის მაჩვენებელი ზედიზედ ორწლიანი დეფიციტის შემდეგ პლიუსში გაიყვანა.