LIVE

G&T-მა 2023 წლისთვის ინფლაციის პროგნოზი 2.7%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის 3.5%-მდე გაზარდა

29 სექ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 370
G&T-მა 2023 წლისთვის ინფლაციის პროგნოზი 2.7%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის 3.5%-მდე გაზარდა

Galt&Taggart-მა მიმდინარე და მომავალი წლებისთვის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა.

კერძოდ, საინვესტიციო ბანკის მოლოდინით, მიმდინარე წელს საქართველოში საშუალო ინფლაცია 2.7% იქნება, რაც წინა პროგნოზს 0.3 პროცენტული პუნქტით აღემატება. რაც შეეხება 2024 წელს, მოლოდინია, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელზე, 3%-ზე მაღლა იქნება.

როგორც Galt&Taggart-ის ეკონომისტმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, პროგნოზის გადახედვის მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაძვირებაა, რისი ეფექტიც საქართველოსაც გადმოეცემა.

„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ წელს საქართველოში საშუალო ინფლაცია 2.4% იქნებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ნავთობის გაძვირება, ცვლის პროგნოზებს. ეს ეფექტი ჩვენს ბაზარსაც გადმოეცემა და მოლოდინია, რომ წელს 2.7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდება. შეიცვალა მომდევნო წლის პროგნოზიც და ველით, რომ 2024 წელს წლიური ინფლაცია 3.5%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო წლის ბოლოსთვის 4.4%-მდე დაჩქარდება. ეს მცირედით ცვლის მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ მოლოდინებს და ველით, რომ მომავალ წელს ეროვნულ ბანკს მთლიანობაში 8.5%-მდე ექნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა, ნაცვლად აქამდე ნავარაუდევი 8%-ისა“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე დროებითი აკრძალვის დაწესების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა. საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე გაძვირდა ნავთობპროდუქტები.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.9% შეადგინა.