
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი (DOJ) შვეიცარიულ ბანკ UBS-სა და მის შვილობილ Credit Suisse-ს, რუსი კლიენტების მომსახურებასა და ამდენად, საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის ედავება. გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში სანქციების შესაძლო დარღვევის შესახებ ეჭვები Credit Suisse-სთან დაკავშირებით არსებობდა; ხოლო მას შემდეგ, რაც Credit Suisse-ი კონკურენტმა ბანკმა, ასევე შვეიცარიულმა UBS-მა, იყიდა, ამ უკანასკნელს ერგო როგორც Credit Suisse-ის $4 ტრილიონი, ამასთან მისი სამართლებრივი მემკვიდრეობაც.
გასული ათწლეულის განმავლობაში, ძირითადად 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მა ათასზე მეტი რუსი ბიზნესმენი შეიყვანა სანქცირებულთა შავ სიაში. DOJ-ს აინტერესებს, თუ რა მოიმოქმედეს შვეიცარიულმა ბანკებმა სანქცირებულ პირთა საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ აღმასრულებელ წევრებთან და ბანკის თანამშრომლებთან არ ჩატარებულა შესაბამისი დაკითხვები.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ DOJ-ი გამოძიებას აგრძელებს, UBS-ის აქციები 3.4%-ით დაეცა; აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტიდან UBS-ის აქციები ჯამში 7.9%-ითაა შემცირებული.
უკრაინაში ომის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ Credit Suisse-ში $60 მილიარდის რუსული აქტივები ინახებოდა. 2022 წლის თებერვლამდე აღნიშნული რიცხვი $33 მილიარდამდე შემცირდა; თუმცა ზოგადად, ყველა შვეიცარიულ ბანკში ერთად მიმდინარე წლის მარტისთვის $200 მილიარდის რუსული აქტივები ინახებოდა. გასული წლის ბოლოს კი შვეიცარია აცხადებდა, რომ ქვეყანას გაყინული მხოლოდ $8.4 მილიარდის ოდენობის რუსული აქტივები ჰქონდა.
როგორც Bloomberg-ი წერს, აშშ-ში ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებისთვის საკმარისს არ აკეთებს.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიული ბანკის ერთ-ერთი კლიენტი "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელთანაც ბანკს მრავალწლიანი სამართლებრივი დავა აკავშირებს.