LIVE

ფინტექ ასოციაცია: საკომისიოების შესამცირებლად მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვაა საჭირო

30 სექ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 708
ფინტექ ასოციაცია: საკომისიოების შესამცირებლად მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვაა საჭირო

საქართველოს ფინტექ ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ბანკებში საკომისიო გადასახადების შესამცირებლად აუცილებელია ქვეყანაში მყისიერი გადახდების სისტემა დაინერგოს.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, საკომისიოების ნაწილში პრობლემურ მიმართულებად ბანკთაშორისო გადარიცხვები რჩება, რომლის დროსაც ტრანზაქციები მომენტალურად არ აისახება, მეორე მხრივ კი მომხმარებელს ამ მომსახურებაში დამატებითი თანხის გადახდა უწევს.

„როგორც ცნობილია, ეროვნულ ბანკს უკვე დაწყებული აქვს მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვაზე მუშაობა. ეს სისტემა გულისხმობს, რომ ბანკებს შორის გადარიცხვები მომენტალურად უნდა აისახოს და მომხმარებლებს აღარ უნდა დასჭირდეთ ტრანზაქციის განსახორციელებლად სამუშაო საათებამდე ლოდინი. თავისთავად ამ საკითხის ტექნიკურად გადაწყვეტა იმას ნიშნავს, რომ ბანკებს ეს ტრანზაქციები უნდა გაუიაფდეთ, რამაც მსგავსი ტიპის მომსახურებაზე საკომისიოები უნდა შეამციროს, რიგ შემთხვევაში გაანულოს კიდეც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მყისიერი გადახდების სისტემა საფინანსო სექტორში მალე დაინერგოს“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა მყისიერი გადახდების სისტემის შესასყიდად საერთაშორისო ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. მყისიერი გადახდების სისტემა, ელექტრონული საცალო გადახდის გადაწყვეტაა, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე. გადახდის შესრულება ხორციელდება იმავე მომენტში, მყისიერად და შესრულებისთანავე მიმღებისთვის თანხა დაუყოვნებლივ ხდება ხელმისაწვდომი.

ამასთან, ბოლო თვეების განმავლობაში კომერციული ბანკების ნაწილმა სხვადასხვა მომსახურებაზე საკომისიოები გაზარდა.

2023 წლის 6 თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებიდან ჯამში 307 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელზე თითქმის 17%-ით მეტია. ყოველწლიურად ბანკების მიერ  საკომისიოებიდან მიერ მიღებული შემოსავლები მზარდია. ამ თანხამ 2022 წელს ჯამურად 571 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 23%-იანი ზრდა იყო.