LIVE

თურნავა: IMF-თან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს

26 სექ 202323:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 329
თურნავა: IMF-თან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) "დროებით შეჩერებული პროგრამის განახლების აუცილებლობაზე" ესაუბრა.

ამის შესახებ აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რითაც სებ-ის მიერ დასტურდება, რომ პროგრამა შეჩერებულია. 

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, შეხვედრაზე ჰერჩინსკიმ პროგრამის განახლების იმედი გამოთქვა. 

"გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მიმდინარე წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მიმოხილვა შეჩერებულია. 

"ბიზნეს ფორმულას" ინფორმაციით, პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერების მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს სავალუტო ფონდი თავიდანვე აკრიტიკებდა. ფონდი ასევე მიიჩნევდა, რომ საკითხზე პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო არ უნდა დაეძლია. IMF-მა მიუთითა, რომ პროცესები სებ-ის დამოუკიდებლობას და სანდოობას აზიანებდა, თუმცა სავალუტო ფონდის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საბოლოოდ კი, სებ-ში "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დაინიშნა

შეჩერებული პროგრამის შესახებ გასულ კვირას სავალუტო ფონდის მისიის უფროსმა ჯეიმს ჯონმა სებ-ის მიერ სანქციების შესრულების წესში ცვლილებაზე საუბრის დროს აღნიშნა. 

"ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - ნათქვამია ჯეიმს ჯონის მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" გამოგზავნილ განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის დასრულების შემდეგ ქვეყნისთვის 40 მილიონი დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.