LIVE

ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა - TBC კაპიტალი

25 სექ 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 621
ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა - TBC კაპიტალი

ლარის მიმდინარე საშუალო გაცვლითი კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა, - ამის შესახებ საუბარია მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში, რომელიც "თიბისი კაპიტალმა" დღეს გამოაქვეყნა. 

ანალიტიკური ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გასულ კვირას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს ნეგატიური სენტიმენტების ერთგვარი საპირწონის დატვირთვა ჰქონდა.

"მნიშვნელოვანია, რომ გასულ ერთ წელიწადში ან მცირედით მეტ პერიოდში სებ-მა თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი შეისყიდა. სიმარტივისათვის, ეს ოდენობა შეგვიძლია ჭარბ მიწოდებად ჩავთვალოთ. ამდენად, ლარის კურსზე ნეგატიური ზეგავლენისათვის, სამომავლოდ ამ მხრივ მკვეთრი ცვლილებაა საჭირო, რაც ჩვენ მიერ საბაზო სცენარად არ განიხილება", - ნათქვამია მიმოხილვაში. 

ორგანიზაცია ლარის გაუფასურების პროგნოზს პესიმისტურიდან ნეიტრალურისკენ ცვლის, რის მიზეზადაც საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში მოსალოდნელზე უფრო მაღალ ინფლაციას ასახელებს. 

"ლარის საშუალო კურსიდან გამომდინარე, ჩვენს ადრინდელ, გარკვეულწილად მაგრამ მაინც პესიმისტურ, მოლოდინს უფრო ნეიტრალურისაკენ ვცვლით. უფრო მეტიც, ნავთობის საერთაშორისო ფასების ბოლოდროინდელი გაძვირება, რუსეთის მიერ ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვასთან ერთად, ინფლაციაზე ზეგავლენიდან გამომდინარე, ლარისათვის ახლო მომავალში შედარებით პოზიტიური ფაქტორია.

ჩვენი აზრით, არა იმ მასშტაბით, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი არსებითად შეიცვალოს, არამედ უფრო იმ კუთხით, რომ ინფლაცია სამიზნეს მოსალოდნელზე უფრო მალე დაუბრუნდება. ეს კი, თავის მხრივ, ლარის დამატებით გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია", - ნათქვამია დოკუმენტში.

მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, ლარი გაუფასურდაეროვნულმა ბანკმა გასულ კვირას ორ დღეში სულ 57 150 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

კვირის ბოლოს დინამიკა შეიცვალა და ლარმა გამყარება დაიწყო.  22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.63 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6816 ლარი შეადგინა