LIVE

კალაძის შეფასებით, ზურაბიშვილი ნათია თურნავაზე ზეწოლას ახდენს

21 სექ 202313:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 288
კალაძის შეფასებით, ზურაბიშვილი ნათია თურნავაზე ზეწოლას ახდენს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის აზრით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნათია თურნავაზე ზეწოლას ახდენს.

კალაძის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება, რომ ის უკან გაიწვევს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატებს, სანამ თურნავა დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, არის „პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე“.

„ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას იცავს, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა. არ ვიცი რა ჰქვია ამას. რაც გინდათ, ის დაარქვით.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან და დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუმცა, ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას. 

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. შესაბამისად, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა უნდა გადადგეს, რადგან მან ერთპიროვნულად მიიღო ქვეყნისთვის და ეროვნული ბანკისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება.