
სენდვიჩების სარესტორნო ქსელის, Subway-ს ოჯახური ბიზნესის თითქმის 60-წლიანი ისტორია დასრულდა - ამერიკის კერძო კაპიტალის კომპანია Roark Capital-მა ქსელი $9.55 მილიარდად შეიძინა.
Roark Capital-ი ამ შესყიდვით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სარესტორნო ოპერატორი გახდა. ის უკვე ფლობს Dunkin’-ის, Baskin-Robbins-ის, Jimmy John's-ის Arby's-ისა და Buffalo Wild Wings-ის სარესტორნო ქსელებს.
Subway-ს მზარდი წარმატება ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილი ხარჯებისა და კონკურენციის გამო შეფერხდა. 2023 წლის თებერვლიდან კი ინვესტორის აქტიური ძებნა დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ გარიგებით „მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს“, რამდენადაც Roark-ს დიდი გამოცდილება აქვს სარესტორნო და ფრანჩაიზის ბიზნეს მოდელების მიმართულებით.
„ეს გარიგება Subway-ის გრძელვადიანი განვითარების პოტენციალსა და ჩვენი ბრენდის არსებით ღირებულებას ასახავს“, - თქვა ჯონ ჩიდსიმ, Subway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
Subway 1965 წელს, 17 წლის ფრედ დელუკამ და ოჯახის მეგობარმა, პიტერ ბაკმა Pete's Super Submarines-ის სახელით დააარსეს. კომპანიამ სახელი რამდენჯერმე შეიცვალა, Subway კი 1972 წელს დაერქვა. 2 წლის განმავლობაში მშობლიურ შტატში, კონექტიკუტში, 16 სენდვიჩების ობიექტი გახსნეს და შემდეგ მალევე დაიწყეს ბრენდის ფრანჩაიზირება. Subway ამჟამად 100-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 37 000 რესტორნით არის წარმოდგენილი.