
ამერიკული სწრაფი კვების ქსელ Subway-ს კერძო კაპიტალის კომპანია Roark Capital $9.6 მილიარდად შეიძენს. საქმესთან დაახლოებული პირების თქმით, შეთანხმება ამ კვირაში უნდა დასრულდეს.
Subway-მ საუკეთესო მყიდველის შესარჩევად ბაზრის კვლევა თებერვალში დაიწყო. თვის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ კერძო კაპიტალის კომპანიები TDR Capital და Sycamore Partners რესტორნის ქსელის შესაძენად ერთობლივად აწარმოებდნენ აქტიურ მოლაპარაკებებს. Subway-ს შეთავაზებული ფასი $9 მილიარდი იყო, თუმცა უცნობია, ეს გახდა თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი ორ კომპანიასთან შეთანხმების მისაღწევად.
Roark Capital-ი, რომელიც მომსახურების სფეროს ფრანჩაიზირებულ ბიზნესებში ინვესტირებითაა ცნობილი, აქტიურად ჩაერთო რესტორნის ქსელის შესყიდვის ასპარეზში. Rock Capital-ი Inspire Brands-ის ინვესტორია, რომელშიც ცნობილი ამერიკული სარესტორნო ქსელები - Arby's, Baskin-Robbins, Buffalo Wild Wings და Dunkin' - ერთიანდებიან.
Subway 1965 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს 100 ქვეყანაში დაახლოებით 37 000 რესტორნით არის წარმოდგენილი.
2023 წლის პირველი ნახევარში კომპანიას ჩრდილოეთ ამერიკაში წლიური 9.3%-იანი ზრდა ჰქონდა, რაც მენიუსა და რესტორნების განახლების, ასევე მარკეტინგის გაძლიერების შედეგი იყო.