
თურქეთს ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი უფიქსირდება. ამის მიზეზი ტურიზმის შემოსავლების ზრდა და ენერგორესურსების იმპორტის შემცირება გახდა.
თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ივნისში თურქეთის სავაჭრო-საინვესტიციო ნაკადებში $674 მილიონის პროფიციტი იყო. თურქეთს მიმდინარე ანგარიშში დადებითი მაჩვენებელი ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში ჰქონდა.
აღნიშნული წარმატების ერთ-ერთ მიზეზად თურქეთის ეკონომიკის ახალი ხელმძღვანელობა სახელდება. შიდა მოთხოვნისა და ვალების ზრდის შესამცირებლად თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი მიმდინარე წლის ივნისში ჯერ 8.5%-დან 15%-მდე, ხოლო შემდეგ ივლისში - 15%-დან 17.5%-მდე გაზარდა.
თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ჰაფიზე გაიე ერკანმა, გასულ თვეს განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება თურქეთის მიმდინარე ანგარიშს 2023 წლის მეორე ნახევრისთვის გააუმჯობესებდა.
მიუხედავად ამისა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ 50%-ის ფარგლებში რჩება. ლირა რეკორდულადაა გაუფასურებული, რაც თურქეთისთვის იმპორტს კიდევ უფრო მეტად აძვირებს.