LIVE

ტანზანიის პრეზიდენტი გაუჩინარდა

10 მარ 202115:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 977
ტანზანიის პრეზიდენტი გაუჩინარდა
AFP/Getty Images

ტანზანიის პრეზიდენტი, ჯონ მაგუფული, ორი კვირაა საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა, რამაც ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრში კითხვები გააჩინა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ავადაა და საავადმყოფოში მკურნალობს. 

”პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საზოგადოებაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. არ ვიმსახურებთ, რომ ვიცოდეთ რა სჭირს მაგუფულის?” - წერს ტანზანიის ოპოზიციის ლიდერი, ტუნდუ ლისუ, Twitter-ის საკუთარ გვერდზე. ის აღნიშნავს, რომ წინა ლიდერების ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იყო. 

ერთ-ერთი ვერსიით, მაგუფული სამკურნალოდ კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაემგზავრა. კენიაში გამომავალი გაზეთი The Nation წერს, რომ ნაირობის საავადმყოფოში აფრიკის ლიდერი მოათავსეს, თუმცა სტატიაში მისი ვინაობა დაზუსტებული არ არის, რადგან ამის შესახებ როგორც კენიის, ისე სამკურნალოდ ჩასული ლიდერის ქვეყანას, ოფიციალური განცხადების გაკეთება არ სურს.

პრეზიდენტი ბოლოს ქვეყნის უდიდეს ქალაქში, დარ-ეს-სალამში, 24 თებერვალს გამოჩნდა და შეკრებილ ხალხს მიმართა. 27 თებერვალს ის აღმოსავლეთ აფრიკის საზოგადოების რეგიონული ბლოკის ვირტუალურ სამიტს უნდა დასწრებოდა, თუმცა მის ნაცვლად, შეხვედრას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, სულუჰუ ჰასანი დაესწრო.

პრეზიდენტის საჯარო სივრციდან გაუჩინარების შესახებ მისი ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს. 

მაგუფული, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ხუთწლიანი ვადით ოქტომბერში მეორედ აირჩიეს, კორონავირუსის პადემიის არაორდინალურად მართვის გამო, კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი საავადმყოფოები Covid-19-ის სიმპტომების მქონე ადამიანებით სავსეა, ის აცხადებს, რომ ქვეყანაში დაავადება არ ვრცელდება. ის არც ქვეყნის ვაქცინებით მომარაგებას გეგმავს. მაგუფული მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ილოცონ და ორთქლის თერაპია ჩაიტარონ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია