
რეფერენტული მედიკამენტების ბაზა 15 აგვისტოდან ფართოვდება, თუმცა ფარმაცევტული სექტორი ამისთვის ჯერ მზად არ არის. ამის შესახებ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან გოგიბერიძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
როგორც გოგიბერიძემ განმარტა, აგვისტოში, როდესაც დასვენების პერიოდია, რთულია ფასების შესახებ მოლაპარაკებების წარმართვა. სექტორმა სამინისტროს უკვე მიმართ თხოვნით, მედიკამენტების დამატების პროცესი ერთი თვით გადაიდოს, რაზეც პასუხი ამ ეტაპზე არ აქვთ.
ამასთან, ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სექტორი რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის, შეიქმნა მედიკამენტების დეფიციტის რისკი. ასეთ დეფიციტურ მედიკამენტებს შორის კი, უკვე მოხვდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატიც.
„სამწუხაროდ, ჩვენთან რეფერენტული ფასების ამოქმედება მოხდა ფორსირებულად, რის გამოც მრავალმა კომპანიამ ვერ შეძლო ფასების ზღვარში მოქცეულიყო. ფასების შეჯერება და მთავრობის მიერ შეთავაზებულ ჩარჩოებში მოქცევა თუ არ მოხდება მწარმოებლებთან შეთანხმებით, გაჩნდება მედიკამენტების დეფიციტის რისკი. კომპანიები ჯერ კიდევ არსებულ მარაგებს იყენებენ, თუმცა დეფიციტი მალე შესამჩნევი გახდება. ასევე, ევროპულ კომპანიებთან წარუმატებელი მოლაპარაკებების გამო, ბაზარზე აზიური წარმოების მედიკამენტების ჩანაცვლების ტენდენციაც შესამჩნევია“,- ამბობს ლევან გოგიბერიძე.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ეპილეფსიის პრეპარატზე დეფიციტის ხელოვნურად შექმნაში თავად სექტორს ადანაშაულებს. კერძოდ, რეგულირების სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მედიკამენტ „დეპაკინი ხრონოს“ სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. ასეთი დარღვევა არსებული კანონმდებლობით გაფრთხილებასა და 5 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
რეფერენტული ფასი 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა და ამ დრომდე ჩამონათვალი უკვე 1 600-მდე გაფართოვდა. რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აანონსებენ, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.