
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვა ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას შეუშლის ხელს.
„ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში მომრავლებული კერძო ავტომობილები. სტატისტიკას გეტყვით: 2012 წლამდე თბილისში, პიკის საათებში, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეის მონაცემებით, დედაქალაქში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი მოძრაობს. ეს კი გამონაბოლქვის და ჰაერის დაბინძურების მხრივ, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ასევე, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი პრაქტიკა დაინერგა საქართველოში, როცა ავტომობილების უდიდეს ნაწილს ე.წ. კატალიზატორს აცლიან, ჰყიდიან და ამ დროს, ავტომობილი ჰაერის საშინლად და სახიფათოდ დამაბინძურებელი ხდება. სწორედ ესაა უმთავრესი მიზეზი აზოტის ოქსიდებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და ამ მხრივ, დედაქალაქში მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მხრიდანაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები აღნიშნული მიმართულების მოსაწესრიგებლად.
„მივესალმები იმ ძალიან სწორ და საჭირო ინიციატივას, რაც პრემიერმინისტრმა დააანონსა. ამ რეგულაციების დადგენა, რასაკვირველია, შეზღუდავს მოძველებული და მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუშლის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქალაქში მოძრაობს ისეთი ავტომობილები, რომლებიც ტექდათვალიერების მიმართულებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ მიმართულების მოსაწესრიგებლადაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველას ჩართულობით, ჰაერის გასუფთავებას მივაღწიოთ, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მთავრობა საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს ზღუდავს. ამასთან, საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.