
საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღება და გაყიდვა ერთგვარ ბიზნესად იქცა და ეს ჰაერის ხარისხზე უარყოფითად აისახება.
"ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ.
პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს. სპეციალური აპარატურის საშუალებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განმარტებით, საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი სამი წლის ვადით იკრძალება.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდოს, აიკრძალოს კატალიზატორების ექსპორტი ქვეყნიდან გარკვეული ვადით - 3 წლის ვადით მანამ, სანამ ჩვენ მიერ არ იქნება მიღებული ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ რეგლამენტი, რომელიც ასევე შემუშავებულია სამინისტროს მიერ და შემდგომში წარედგინება მთავრობას, რომელიც ამ საკითხებს საბოლოოდ დაარეგულირებს", - განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
დღესვე მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად, მთავრობა საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს ზღუდავს.