LIVE

რუსული Red Wings საქართველოს მიმართულებით ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს

02 ივნ 202315:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 345
რუსული Red Wings საქართველოს მიმართულებით ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს

ავიაკომპანია Red Wigns-ი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესრულებას 2 კვირაში დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, რუსულ კომპანიას საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2 ივნისს უნდა დაეწყო.

Red Wings-ის ავიარეისები 15 ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის, ხოლო 16 ივნისიდან მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებით შესრულდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამასთან, ამ დროისთვის Red Wings-ის საიტზე ბილეთების შეძენა შესაძლებელი არაა. 

Red Wings-ის ფრენები სოჭიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება. რაც შეეხება მოსკოვი-ქუთაისის რეისებს, აღნიშნული მიმართულებით ფრენებს კომპანია კვირაში სამი დღე - ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკევობით - შეასრულებს. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუკი ქუთაისის მიმართულებით Red Wings-ის  ფრენები შეღავათიან ფასებში გაიყიდება, ქუთაისის აეროპორტმა შესაძლოა აჯობოს ერევნისა და სტამბულის აეროპორტებს და რუსეთიდან სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით, ევროპის მიმართულებით, მოთხოვნად ტრანზიტად იქცეს.

ამ დროისთვის რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და რუსული Azimuth ასრულებენ. Georgian Airways-მა თბილისი-მოსკოვის პირველი რეისი 20 ივნისს შეასრულა; ხოლო Azimuth-ს პირველი თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისის აეროპორტში 1 დღით ადრე, 19 მაისს დაეშვა. აღნიშნული ორივე კომპანია რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენებს ყოველდღიურად ასრულებენ. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა 10 მაისს გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა.