LIVE

ღარიბაშვილი: რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ დიდი არ არის

30 მაი 202312:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 345
ღარიბაშვილი: რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ დიდი არ არის

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ რუსეთი, რომელიც ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, საქართველოსთვის მსხვილი სავაჭრო პარტნიორი არაა.

როგორც ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, ახალი ბაზრების მოძიებას დრო სჭირდება და ევროკავშირი ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი.

„ევროკავშირი, მაგალითად, ვისთანაც მე პირადად, მქონდა პატივი, მომეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში. ამას დრო სჭირდება, რომ ახალი ალტერნატივები დავინახოთ, ახალი ბაზრები მოვიპოვოთ. მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი არ არის. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, როგორც უკვე ვახსენე, ვეძებთ ახალ ვარიანტებს, ალტერნატივებს და ა.შ.“,- აღნიშნა პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ წლის განმავლობაში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 1 მილიარდზე ნაკლებია, რაც რეალობას არ შეესაბამება და ოფიციალურ მონაცემებს 2.5-ჯერ ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მიმართულება, სადაც რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება მზარდია, საგარეო ვაჭრობაა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპირისპიროდ, ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა რუსეთია, 848.5 მილიონ დოლარიანი ბრუნვით. ამავე პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 44.6%-ით, რუსეთიდან იმპორტი კი 54.2%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელსაც რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, სავაჭრო ბრუნვა კი 2.5 მილიარდს გაუტოლდა. რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება, 2014 წლიდან მოყოლებული, მუდმივად იზრდება და 2022 წელს სრულ იმპორტში 14%-ს მიაღწია.