LIVE

რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება, 2014 წლიდან მოყოლებული, მუდმივად იზრდება - EPRC

30 მაი 202311:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 611
რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება, 2014 წლიდან მოყოლებული, მუდმივად იზრდება - EPRC

რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება, 2014 წლიდან მოყოლებული, მუდმივად იზრდება და 2022 წელს სრულ იმპორტში 14%-ს მიაღწია, - ამის შესახებ აღნიშნულია „ეკონომიკური დამოკიდებულების“ ინდექსში, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) მოამზადა.   

კვლევის თანახმად, იმპორტდამოკიდებულება, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაიზარდა ისეთ სასიცოცხლო და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ფაქტობრივად უსაფრთხოების რანგში განსახილველ პროდუქტებზე, როგორიცაა: ხორბალი (95% სრული იმპორტიდან 2022 წელს, 2019 წელს 73.5%); ელექტროენერგია (51.6% 2022 წელს, 2019 წელს 29%); ნავთობი და ნავთობპროდუქტები (46.6% 2022 წელს, 2019 წელს 26%) და ბუნებრივი აირი (24.4% 2022 წელს, 2019 წელს 10.9%). 

რაც შეეხება ექსპორტს, ბოლო წლებში ჯამურ ექსპორტთან მიმართებაში განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთის (12% 2022 წელს) და ჩინეთის (13% 2022 წელს) წილი.

„2019-2022 წლებში ყველაზე დიდი ზრდა, მონეტარულად, რუსეთთან ვაჭრობაში შემდეგ პროდუქტებზე მოდიოდა: მიწისზედა ტრანსპორტის საშუალებები, მათი ნაწილები (800.5%, 69.5 მილიონ აშშ დოლარიანი ზრდა 2022 წელს 2019 წელთან შედარებით); ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი (28.3%, 68 მილიონ აშშ დოლარის ზრდა 2019 წელთან შედარებით). ამასთან, ღვინის სრულ ექსპორტში რუსეთის წილმა 64%-ს გადააჭარბა“, - აღნიშნულია „ეკონომიკური დამოკიდებულების“ ინდექსში.

EPRC-ის კვლევის თანახმად, 2020 წლის შემდეგ, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, რუსეთიდან ინვესტიციები 20%-ით გაიზარდა, თუმცა 2022 წელს ჯამურ ინვესტიციებში მისი წილი 4%-ს არ აღემატებოდა. 

„2007-2022 წლებში, თუ მოცულობით ფინანსურ გამოსახულებაში განვიხილავთ, დემოკრატიული ქვეყნებიდან, მაგალითად ევროკავშირისა და აშშ-დან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ჯამში მინიმუმ 6-ჯერ აღემატება რუსეთის და ჩინეთის საინვესტიციო მოცულობას. 2020 წლის შემდეგ, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში რუსეთიდან ინვესტიციები 20%-ით გაიზარდა, მაგრამ ჯამურ ინვესტიციებში მისი წილი 2022 წელს 4%-ს არ აღემატება. ჩინური ინვესტიციებისთვის პიკურ წლებში (2014 და 2022) ჩინეთის წილი 6%-მდეა; ავტორიტარული ქვეყნებიდან შემოსულ ინვესტიციებს შორის აღსანიშნავია აზერბაიჯანული ინვესტიციების მაჩვენებელი, რომელიც მაგალითად 2015-2017 წლებში პირველ ადგილას იყო (ამ წლებში ავტორიტარული ქვეყნების წილმა 44-45%-ს მიაღწია, რაც პიკური მაჩვენებელია).

ზოგადად, მსხვილ საერთაშორისო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტების დაფინანსებაში აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სტანდარტულად კი 2007-2022 წლებში ავტორიტარული ქვეყნების წილი ინვესტიციებში 30%-ის ფარგლებშია“, - აცხადებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში.