LIVE

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში - 2022 წლის სამუშაო ძალის მაჩვენებლები

15 მაი 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 426
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში - 2022 წლის სამუშაო ძალის მაჩვენებლები

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქვეყანაში უმუშევრობის კლების მიზეზებს შორის ეკონომისტების მიერ სახელდებოდა სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა და მზარდი ემიგრაცია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 125 269 ადამიანი წავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალებში შემცირებულია 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 3.5 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, 2022 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით 18.3%-მდე, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.5 პროცენტული პუნქტით და 15.7%-ს შეადგენს.

2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (47.4%), ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (3.6%), საქსტატის თანახმად, ამის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.

რაც შეეხება დასაქმებას, დასაქმების დონე წლიურად გაიზარდა 2.5 პროცენტული პუნქტით და 42.9% შეადგინა. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად 2.1 და 3.1 პროცენტული პუნქტით.

2022 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 51.9%-ით განისაზღვრა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 41.5%-ს, ხოლო კაცებში 64%-ს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.

2022 წლის სამუშაო ძალის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • უმუშევრობის დონე - 17.3% (წლიურად შემცირდა 3.4 პროცენტული პუნქტით);
  • სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე  - 51.9% (წლიურად გაიზარდა 1 პროცენტული პუნქტით);
  • დასაქმების დონე - 42.9% (წლიურად გაიზარდა 2.5 პროცენტული პუნქტით);
  • დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში - 67.9% (წინა წელთან შედარებით შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით).