LIVE

სოცდაუცველების დასაქმება, გაზრდილი ემიგრაცია - რა ამცირებს უმუშევრობის დონეს?

18 ნოე 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 683
სოცდაუცველების დასაქმება, გაზრდილი ემიგრაცია - რა ამცირებს უმუშევრობის დონეს?

ეკონომისტების ნაწილი საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირებას ნაწილობრივ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ამოქმედებას უკავშირებს.

როგორც ეკონომიკის დოქტორმა, რამაზ გერლიანმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დასაქმებულმა სოციალური დახმარების მიმღებმა პირებმა სამუშაო ძალაში გადაინაცვლეს და შესაბამისად, ეს მოქალაქეები უკვე აღარ ითვლებიან უმუშევრებად.  

ამასთან, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირება ემიგრაციულ პროცესებსა და საქართველოს მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვებასაც უკავშირდება.

„ამდენი ემიგრანტი, რომელიც ქვეყანას ტოვებს, აკლდება სამუშაო ძალას და შესაბამისად, ისინი აღარ ითვლებიან უმუშევრებად. ამ ფონზე უმუშევრობასთან დაკავშირებით შედარებით უკეთესი სურათი გვაქვს. ამასთან, ამოქმედდა სოციალურად დაუცველთა დასაქმების დროებითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები საზოგადოებრივ სამუშაოებზე არიან დასაქმებული და ესეც ამცირებს უმუშევრობის დონეს. თუმცა თავად დასაქმებისა და უმუშევრობის დათვლის არსებული მეთოდოლოგია არ გვაძლევს სრულ და რეალურ ინფორმაციას შრომის ბაზართან დაკავშირებით. მეთოდოლოგიის მიხედვით, ადამიანი, რომელმაც მაგალითად, კვირაში მხოლოდ 10 ლარის შემოსავალი მიიღო, შესაძლოა დასაქმებულად ითვლებოდეს“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა.

ბიზნესის ნაწილი კი აცხადებს, რომ უმუშევრობის დონის შემცირება ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში შემოსულ მიგრანტებსაც უკავშირდება, რომელთა გამოც სხვადასხვა მომსახურებასა და პროდუქციაზე მოთხოვნა გაზრდილია.

„მოკლევადიან პერიოდში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის შეფასების შესაძლებლობას, რომ ყველაფერი კარგად არის თუ პირიქით. ბევრი ფაქტორი იყო, რომელმაც მოკლე ვადაში მოახდინა გავლენა უმუშევრობის მაჩვენებელზე. მაგალითად, ტურისტული სეზონი და ვიზიტორების ნაკადები. ასევე ვიცით, რომ მაგალითად, თებერვლიდან მოყოლებული ვიზიტორების რაოდენობა და მათ მიერ შემოტანილი ფულადი სახსრების მოცულობა გაზრდილია. ამ ყველაფერმა სხვადასხვა მომსახურებასა და პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა. შესაბამისად, ამ ყველაფერსაც ექნებოდა გავლენა უმუშევრობის მაჩვენებლებზე“, - განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ლაბაძემ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის, სოციალური შემწეობის მიმღები პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო და სექტემბრის მდგომარეობით, მის ფარგლებში 23 000-ზე მეტი პირი იყო დასაქმებული.

საქსტატის 2022 წლის III კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით, 15.6%-მდე შემცირდა

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 52 ათასი კაცით (6%) გაიზარდა და 913.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობამ 25.8 ათასით (6.2%) მოიმატა და 444.3 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 60.1 ათასით (19.3%) და 250.7 ათასი იყო.