LIVE

რატომ იხურება აშშ-ს დიდ ქალაქებში Walmart, Starbucks და სხვა დიდი ქსელური მაღაზიები?

20 მაი 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 393
რატომ იხურება აშშ-ს დიდ ქალაქებში Walmart, Starbucks და სხვა დიდი ქსელური მაღაზიები?

Nordstrom, Walmart, Whole Foods, Starbucks - ეს იმ უმსხვილესი ქსელური კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც აშშ-ს დიდ ქალაქებში მაღაზიებს ხურავენ.

ამ მიდგომამ საცალო ვაჭრობის მომავალთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია. უმსხვილესი ბრენდები თავიან ქსელურ ობიექტებს რამდენიმე მიზეზის გამო ხურავენ; მათ შორისაა მაღაზიების სიმრავლე, დისტანციურად მომუშავე ადამიანების გააქტიურება, ონლაინ შოპინგის ბუმი, მკვეთრად გაზრდილი ქირის ფასი და ზოგადად ბიზნესისთვის გაზრდილი ხარჯები. მაღაზიების დახურვის მიზეზებს შორის ზოგიერთი პოლიტიკოსი, მათ შორის როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი ლიდერები, კრიმინალის ზრდაზეც მიუთითებს, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მთავარი მიზეზი მაინც მაღაზიების სიჭარბეა.

ასე მაგალითად, Morgan Stanley-ის თანახმად, 1995 წლიდან 2021 წლამდე ყოველწლიურად უფრო მეტი მაღაზია იხურებოდა, ვიდრე იხსნებოდა. ამ ტენდენციას კი ხშირად სხვაგვარად "საცალო აპოკალიფსადაც" კი მოიხსენიებენ. შედეგად, იგივე Walmart-მა 2021 წლიდან მოყოლებული 40-მდე მაღაზია უკვე დახურა; დამატებით 20 ობიექტის გაუქმებას გეგმავს წელს, Nordstrom კი 2023 წელს 15 ფილიალის დაკეტვას გეგმავს.

რაც შეეხება დისტანციურად მუშაობას, 2019 წლიდან 2021 წლამდე, მოსახლეობის რაოდენობა, რომლებიც ძირითადად სახლიდან მუშაობენ, სამჯერ, დაახლოებით 9 მილიონი ადამიანით გაიზარდა და 27.6 მილიონი შეადგინა. ამ ფაქტმა გამოიწვია ისიც, რომ ოფისში დასაქმებულები ახლა ქალაქის ცენტრებში არსებულ საცალო ქსელებს ყოველდღიურად აღარ სტუმრობენ და შედეგად, ყოველწლიურად დაახლოებით $2 000-დან $4 600-მდე ნაკლებსაც ხარჯავს. ცალკე ფაქტორია, ონლაინ შოპინგი. აშშ-ს აღწერის ბიუროს თანახმად, 2022 წელს ელექტრონულმა კომერციამ საცალო გაყიდვების 14.7% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია.

საბოლოოდ, მაგალითად სან-ფრანცისკომ, 2019-დან 2021 წლამდე, საცალო ვაჭრობის ობიექტების დაახლოებით 6% დაკარგა, ნიუ-იორკმა 3%, ლოს-ანჯელესმა კი 4%. საერთო ჯამში, 2021 წელს საცალო ვაჭრობის შემცირებამ $94,5 მილიარდს მიაღწია.