
კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკების მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველ სამ თვეში კავკასიის რეგიონის ეკონომიკა ჯამში 4.5%-ით გაიზარდა.
ამიერკავკასიის ქვეყნებიდან სომხეთს ეკონომიკის ყველაზე დიდი, 12.2%-იანი ზრდა ჰქონდა. სომხეთის შემდეგ მოდის საქართველო ეკონომიკის 7.3%-იანი ზრდით, ბოლოს კი არის აზერბაიჯანი - 0.4%-ით. ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის I კვარტლის სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკების ზრდა უმეტესწილად სავაჭრო და სამშენებლო სექტორებმა განაპირობეს.
აღსანიშნავია, რომ სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკები გასულ, 2022 წელს ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა, შესაბამისად 14.2% და 10.1%-ებით. ამ შემთხვევაშიც ორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიზეზად რუსი მიგრანტები და რუსეთიდან შემომავალი ფულადი ნაკადები სახელდებოდა.
საყურადღებოა, რომ გასულ წელთან შედარებით შემცირებულია ინფლაციის მაჩვენებელი. კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ინფლაცია 2.7% იყო, აპრილში სომხეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3.2% იყო, ხოლო აზერბაიჯანში - 12.8%.