LIVE

აპრილში იმპორტული პროდუქტები 6.4%-ით გაიაფდა - რა ამცირებს ინფლაციას?

12 მაი 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 507
აპრილში იმპორტული პროდუქტები 6.4%-ით გაიაფდა - რა ამცირებს ინფლაციას?

ინფლაციის შემცირებას ძირითადად იმპორტული პროდუქტების ფასების კლება განაპირობებს. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია კი, სურსათსა და მომსახურებას უკავშირდება,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული.

საქართველოში ინფლაციას შემცირების ტრენდი აქვს და არაერთი თვის განმავლობაში მკვეთრი დაშორების შემდეგ, აპრილში სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდა. კერძოდ, 2023 წლის აპრილში ინფლაციამ 2.7% შეადგინა. საბაზო ინფლაცია კი, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 4.7%-ს გაუტოლდა.

რა ამცირებს ინფლაციას?

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირების მიზეზია საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კლების ტენდენცია, ლარის გამყარება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა.

მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ეს ფაქტორები პირველ რიგში იმპორტული პროდუქტების ინფლაციას ამცირებს. უფრო დეტალურად, აპრილში იმპორტული პროდუქტების ფასებმა წლიურად 6.4%-ით მოიკლო. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციასაც შემცირების ტენდენცია აქვს, თუმცა კვლავ მაღალია და აპრილში 10.6%-ს შეადგენდა.

სებ-ის ინფორმაციით, მაღალი ადგილობრივი ინფლაცია, ერთი მხრივ, სურსათის (ხორცი, ყველი, პური) ფასების ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირებას უკავშირდება. ჯგუფების ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად საწვავის და მედიკამენტების გაიაფება ამცირებს.

„აპრილში ბენზინი და დიზელი წლიურად, შესაბამისად, 37.3% და 23.1%-ით იყო გაიაფებული. ჯანდაცვის ჯგუფის გაიაფება ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფების გამო ხდება. სურსათის ინფლაცია იკლებს. აპრილში სურსათის ინფლაციამ 5.8%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.8 პპ შეადგინა“,- აღნიშნულია მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ მომსახურების მაღალი ინფლაცია ქვეყანაში, მათ შორის, უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგია, საიდანაც გამოსარჩევი ბინის ქირის და კაფეებისა და რესტორნების მომსახურების გაძვირებაა. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ რუსი მიგრანტები, რომლებიც გასულ წელსაც დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყანაში ინფლაციის ტემპის დაჩქარებაში, გავლენას კვლავ ახდნენ. მართალია, ცალე არ ხდება მიგრანტების სტატისტიკის წარმოება და მათი გამიჯვნა ტურისტებისგან, თუმცა როგორც ოფიციალური საზღვრის კვეთის სტატისტიკა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის მონაცემები, მიუთითებს, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი კვლავ რუსეთიდან შემოდის. ასე მაგალითად, შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი, 298 285 ადამიანი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა, რაც წლიურად 201%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, 2023 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში $266 მილიონით რუსეთი ლიდერობდა.

ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ 2023 წელს ინფლაცია იმაზე უფრო სწრაფი ტემპით შემცირდება, ვიდრე ამას მიმდინარე წლის დასაწყისში მოელოდა. კერძოდ, იგი, მოკლევადიან პერიოდში, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლები იქნება, შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება და საშუალოვადიან პერიოდში მის გარშემო დასტაბილურდება.