LIVE

საქართველოს ტურიზმიდან შემოსავლებში $266 მილიონით რუსეთი ლიდერობს- Galt & Taggart

30 აპრ 202315:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 511
საქართველოს ტურიზმიდან შემოსავლებში $266 მილიონით რუსეთი ლიდერობს- Galt & Taggart

Galt & Taggart-ის ტურიზმის კვარტალური ბიულეტენის თანახმად, 2023 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $795.4 მილიონს მიაღწია, რაც 102%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან შემოსავლების ყველაზე დიდი, 33.5%-იანი წილი რუს ტურისტებზე მოდის. კერძოდ, პირველ კვარტალში რუსი ვიზიტორების მიერ დახარჯულმა თანხამ $266 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 291%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსეთის შემდეგ სიაში მოდის თურქეთი ($96 მილიონი) და ევროკავშირის ქვეყნები ($73 მილიონი). 

Galt & Taggart 2023 წელს გასულ წელთან შედარებით ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების 15%-იან ზრდას პროგნოზირებს და შესაბამისად, ელის, რომ წელს შემოსავლებმა $4 მილიარდს უნდა მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ტურიზმის შემოსავლებმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 14.2% შეადგინა, ჯამში $3.5 მილიარდი. აქედან დაახლოებით 25%-ზე მეტი, ანუ $1.087 მილიარდი, რუს ვიზიტორებზე მოდიოდა და 2022 წელსაც რუსეთი პირველ ადგილს იკავებდა საქართველოს ტურიზმიდან შემოსავლებში. რუსეთის შემდეგ სიაში მოდიოდნენ თურქეთი, სომხეთი, ისრაელი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი.

აღსანიშნავია, რომ გაორმაგდა და პირველ კვარტალში 1.07 მილიონს მიაღწია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამაც. რუსეთი ამ შემთხვევებიც ლიდერობს. ტურისტების 24.1%, რაც 257 000 ადამიანზე მეტია, სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. სიის ხუთეულში რუსეთის შემდეგ მოდიან თურქეთი, სომხეთი, ისრაელი და აზერბაიჯანი. 

ტურიზმის სექტორის ზრდის ფონზე გაიზარდა მოთხოვნა Airbnb-ზე თბილისსა და ბათუმში. ერთი დღის ღირებულება Airbnb-ზე განთავსებულ სასტუმროში თბილისში საშუალოდ $61-ია, ბათუმში - $43. ორივე ქალაქის შემთხვევაში ტურისტებისთვის ბინის ქირაობა წინა წელთან შედარებით გაძვირებულია. Galt & Taggart ფასების მომატების მთავარ მიზეზად ასახელებს აპარტამენტების რაოდენობის შემცირებას. ამის საფუძველი კი შექმნა მიგრანტების რაოდენობის ზრდამ, რის გამოც უფრო და უფრო მეტი მეპატრონე ბოლო პერიოდში ბინებს მხოლოდ გრძელვადიან პერიოდზე აქირავებს.