LIVE

იანვარ-მარტში საქართველოში 298 285 რუსი შემოვიდა, 320 236 კი გავიდა - შსს

12 აპრ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 491
იანვარ-მარტში საქართველოში 298 285 რუსი შემოვიდა, 320 236 კი გავიდა - შსს

2023 წლის I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. 3 თვეში ქვეყნის საზღვარი 298 285-მა რუმა გადმოკვეთა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მონაცემები 201%-ითაა გაზრდილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, იანვარი-მარტის პერიოდში ქვეყნიდან 320 236 რუსი გავიდა.

საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში მეორე პოზიცია დაიკავა თურქეთმა, შემდეგ მოდის სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ წელს საზღვრის კვეთის სტატისტიკის გამოქვეყნების ვადები შეცვალა და ყოველთვიურის ნაცვლად, ყოველკვარტალურ მონაცემებს აქვეყნებს. ამასთან, სტატისტიკაში პირველად გაჩნდა მონაცემები იმის შესახებ, თუ კონკრეტული ქვეყნის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2023 წლის I კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 3 574 595-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 66% უცხოელი იყო, 34% კი - ქართველი. შემომსვლელებიდან, 732 738-მა მოქალაქემ ქვეყანაში 24 საათი და მეტი გაატარა, 171 133 მოქალაქე კი საქართველოში გავლით იმყოფებოდა. 

შსს-ს მონაცემებით, იანვარი-მარტის პერიოდში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორე პოზიციაზე იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მესამეზე კი - სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401% იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.