LIVE

სურსათზე გლობალური ფასები მე-12 თვეა ეცემა

09 აპრ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 669
სურსათზე გლობალური ფასები მე-12 თვეა ეცემა

სურსათზე გლობალური ფასები მე-12 თვეა ეცემა

გაეროს სურსათის სააგენტოს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც ყველაზე გაყიდვადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასებს აკონტროლებს, მარტში კიდევ შემცირდა და საშუალოდ 126.9 ქულა შეადგინა.

2021 წლის ივლისის შემდეგ, ეს ყველაზე დაბალი რიცხვია და 20.5%-ით ნაკლებია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფასების რეკორდულად გაზრდილ მაჩვენებელთან შედარებით. 

გასულ თვეში სურსათის ფასების ინდექსი საშუალოდ 129.7 ქულა იყო. 

FAO-ს განმარტებით, ფასების ვარდნა საკმარისი მოცულობის მარაგებმა,  იმპორტზე შემცირებულმა მოთხოვნამ და რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გახანგრძლივებამ განაპირობა. ინდექსის კლება გამოიწვია მარცვლეულზე, მცენარეულ ზეთებსა და რძის პროდუქტებზე დაბალმა ფასებმა, რაც შაქარსა და ხორცზე ფასების ზრდას აბალანსებს.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი მარტში, წინა თვესთან შედარებით, 5.6%-ით დაეცა. ხორბალი 7.1%-ით, სიმინდი 4.6%-ით, ბრინჯი კი 3.2%-ით შემცირდა.

მცენარეული ზეთის ფასი 3.0%-ით, რძის პროდუქტების ინდექსი კი 0.8%-ით დაეცა.

ამის საპირისპიროდ, შაქარი 1.5%-ით გაძვირდა და 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ, უმაღლეს დონეს მიაღწია, რაც ინდოეთში, ტაილანდსა და ჩინეთში წარმოების შესაძლო შემცირებითაა განპირობებული. ხორცის ფასის ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა.

„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად ფასები შემცირდა, შიდა ბაზრებზე სურსათის ფასები კვლავ ძალიან მაღალია და კიდევ უფრო იზრდება, რაც დამატებით გამოწვევებს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას“, - ამბობს FAO-ს მთავარი ეკონომისტი მაქსიმო ტორერო.

მისივე თქმით, სურსათის მაღალი ფასები განსაკუთრებით პრობლემურია განვითარებად ქვეყნებში, სადაც სურსათის იმპორტის წილი მაღალია. 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში გასულ თვეში წლიურმა ინფლაციამ 5.3% შეადგინა

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8%-ით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: 

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - ფასების წლიური ზედა 28.8%;
  • პური და პურპროდუქტები - 16.8%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 13.6%;
  • თევზეული - 10.9%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 10.4%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 10.1%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 8.7%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 2.7%;
  • ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე - 2.4%.