LIVE

რუსეთმა შესაძლოა Nord Stream-ის გაზსადენების აფეთქების გამო კომპენსაციები მოითხოვოს

27 მარ 202314:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 293
რუსეთმა შესაძლოა Nord Stream-ის გაზსადენების აფეთქების გამო კომპენსაციები მოითხოვოს

გასულ წელს Nord Stream-ის გაზსადენის აფეთქებისათვის მოსკოვმა შესაძლოა კომპენსაციები მოითხოვოს, ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია RIA წერს.

გაზსადენები, რომლებიც რუსეთსა და გერმანიას ბალტიის ზღვით აკავშირებთ ერთმანეთთან, გასულ წლის სექტემბერში გაურკვეველი აფეთქებებით დაზიანდა, რასაც მოსკოვმა საერთაშორისო ტერორისტული აქტი უწოდა. 

რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, ჯერ კიდევ სექტემბერში არსებობდა მოსაზრებები გერმანიაში, რომ გაზსადენების დაზიანება რუსეთის მიერ მიზანმიმართულად მოწყობილი დივერსიული აქტი იყო. დასავლეთში ეჭვობდნენ, რომ პუტინმა რუსეთზე დაკისრებული სანქციების საპასუხოდ Nord Stream პოლიტიკურ იარაღად აქცია ევროპის წინააღმდეგ. ნოემბერში შვედეთის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ოფიციალურად დაადგინა, რომ Nord Stream 1 და 2-ის რღვევები "სასტიკი საბოტაჟით" იყო გამოწვეული და დაზიანებები მიზანმიმართული ქმედებების შედეგები იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის, დიმიტრი ბირიჩევსკის, განცხადებით, ისინი არ გამორიცხავენ, რომ Nord Stream-ის გაზსადენის აფეთქებით რუსეთისათვის მიყენებული ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ. მიუხედავად ამისა, არ სახელდება ის, თუ ვისგან მოითხოვს რუსეთი აღნიშნულ კომპენსაციას. 

Nord Stream-ით წელიწადში 110 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იყო შესაძლებელი, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ბედი ეწევათ მომავალში გაზსადენებს.

Nord Stream 1 გაზსადენის გაყვანა 7.4 მილიარდი ევრო დაჯდა და მან მუშაობა 2011 წლის ნოემბერში დაიწყო. 11 მილიარდი ევრო დაიხარჯა Nord Stream 2-ის ასაშენებლად, თუმცა აღნიშნულს არასდროს უმუშავია, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიამ პროექტის გახსნაზე უარი თქვა. 

ბირიჩევსკიმ ისიც აღნიშნა, რომ დასავლური ქვეყნები ეწინააღმდეგებიან გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ მომზადებული პროექტის განხილვას, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენების აფეთქებებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მოითხოვს: “მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ყოვლისმომცველი და ღია საერთაშორისო გამოძიება, რომელშიც რუსეთის წარმომადგენლობა აუცილებლად მიიღეს მონაწილეობას”,- განაცხადა ბირიჩევსკიმ.