ევროკავშირი უკვე დიდი ხანია ცდილობს შეთანხმდეს 2035 წლისთვის შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოების სრულ აკრძალვაზე, თუმცა გერმანიამ ბოლო წუთს მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს. გერმანია მოითხოვს, დასაშვები იყოს ე.წ. “ელექტროსაწვავზე” მომუშავე ავტომობილების წარმოება. საინტერესოა, რომ აღნიშნული ინიციატივა ალტერნატიული “ელექტროსაწვავის” შესახებ ჯერ კიდევ თვის დასაწყისში გაჟღერდა ევროპის ორი უმსხვილესი ავტომწარმოებლის - Ferrari-სა და Porsche-ს მიერ.
ევროკავშირს სურს, 2035 წლისთვის სრულად გააუქმოს იმ ავტომობილების წარმოება, რომლებიც ნახშირორჟანგს გამოყოფენ; შესაბამისად, საუბარია შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებზე. კანონპროექტის მიღებას მხარს უჭერდნენ ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფოები, მათ შორის გერმანიაც, რომელმაც ბოლო წუთს შეიცვალა აზრი.
რა არის ელექტროსაწვავი?
ელექტრონული საწვავი, როგორიცაა ელექტრონული ნავთი, მეთანი თუ მეთანოლი, მიიღება ნახშირორჟანგისა და წყალბადის სინთეზით.
ზოგადად, ნებისმიერი საწვავი ატმოსფეროში გამოყოფს ნახშირორჟანგს. ელექტროსაწვავის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გამონაბოლქვი, ე.ი. საწვავის ძრავაში მოხმარებისაგან გამოყოფილი ნახშირორჟანგი, ხელახლა იქნება გამოყენებული ელექტროსაწვავის საწარმოებლად, რითაც აღნიშნული ალტერნატივა ეკოლოგიურად სუფთად შეიძლება მივიჩნიოთ.
Porsche-სა და Ferrari-ის ინიციატივები გერმანიისა და იტალიის სახელმწიფო დონის პოზიციებზე ავიდა. აღნიშნული ქვეყნები ევროკავშირისგან მოითხოვენ მკაფიო გარანტიებს, რომ თუკი ისინი დანერგავენ ნახშირორჟანგისაგან ნეიტრალური საწვავის გამოყენებას ავტომობილებში, მაშინ გაერთიანებამ 2035 წლის შემდეგაც კი არ უნდა აკრძალოს შიგაწვის ძრავაზე მომუშავე მანქანების წარმოება.
ვინ უჭერს მხარს ელექტროსაწვავს?
ავტომწარმოებლების უმეტესობა სრულად ელექტრონული მანქანების მომხრეა, რადგან ისინი უკვე იწარმოება და მათ ეკოლოგიურ სისუფთავეში ეჭვი არავის ეპარება.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე ავტომწარმოებელი და ნავთობის მომპოვებელი მსხვილი კომპანია ძლიერად უჭერს მხარს ელექტროსაწვავების ალტერნატივას. მათ შორის არიან Porsche და Ferrari.
ელექტრონულ საწვავს დიდი მასშტაბებით ჯერ არ აწარმოებენ. მსოფლიოში ელექტროსაწვავის პირველი მწარმოებელი ქარხანა, Porsche-ს მხარდაჭერით, 2021 წელს გაიხსნა ჩილეში. ქარხანა მიზნად ისახავს წელიწადში 550 მილიონი ლიტრი ელექტროსაწვავის წარმოებას. ელექტროსაწვავის მწარმოებელ პოტენციურ ქარხნად სახელდება ნორვეგიის Norsk e-Fuel, რომელმაც, უპირველესად, საავიაციო ტექნოლოგიებისათვის უნდა დაიწყოს ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის წარმოება 2024 წელს.
ელექტროსაწვავის მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ელექტოსაწვავის გამოყენება ახლანდელ მანქანებში შესაძლებელია, რაც შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილთა მწარმოებლებისთვის კარგი ამბავია.
ელექტროსაწვავის იდეის მომხრეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ალტერნატივა მომგებიანი იქნება, რადგან, ერთი მხრივ, ელექტროსაწვავი ეკოლოგიურად სუფთაა, ხოლო, მეორე მხრივ, მწარმოებლებს არ მოუწევთ თითოეული ამჟამინდელი შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილის ახალი, ელექტრომანქანით ჩანაცვლება.
მიუხედავად ამისა, ელექტროსაწვავის იდეას კრიტიკოსებიც გამოუჩნდა. მათი თქმით, ელექტრონული საწვავის წარმოება ძალიან ძვირი ჯდება და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომანქანებში ელექტროსაწვავის გამოყენება 5-ჯერ მეტი განახლებადი ენერგიის შექმნას საჭიროებს, ვიდრე ეს სრულად ელექტრო მანქანებს სჭირდებათ.
საინტერესოა ზოგიერთი პოლიტიკოსის შუალედური მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ელექტრონული საწვავი შესაძლებელია გამოვიყენოთ სექტორებში, სადაც დეკარბონიზაცია რთულად ხდება. მაგალითად, მათი აზრით, ელექტროსაწვავის გამოყენება კარგი ვარიანტია გემებისა და ავიაციისთვის - სფეროებისთვის, რომლებშიც ელექტრო ბატარეებზე მომუშავე ტრანსპორტი, ჩვეულებრივი მანქანებისაგან განსხვავებით, მარტივად ვერ შეიქმნება.
რა ბედი ეწევა ევროკავშირის კანონპროექტს?
ევროკავშირს კანონპროექტი 2035 წლისთვის შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოების სრულად აკრძალვასთან დაკავშირებით 7 მარტს უნდა მიეღო, თუმცა გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა, ფოლკერ ვისინგმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ნამდვილად უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი გერმანიამ აღნიშნულ რეფორმას. შესაბამისად, ევროკავშირის კლიმატური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებაში ახალი კითხვები გაჩნდა.
გერმანიისა და იტალიის გარდა კანონპროექტთან დაკავშირებით სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს ჩეხეთსა და პოლონეთშიც.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირის კანონმდებლები და დიპლომატები სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ წევრ სახელმწიფოებს და აცხადებენ, რომ ერთი ქვეყნის ეჭვებს კანონთან დაკავშირებით, რომელიც კავშირის სხვა სახელმწიფოების მიერ უკვე გაზიარებულია, სხვა ქვეყნები არ უნდა აჰყვნენ, ვინაიდან ეს გაერთიანების სხვა პოლიტიკებშიც გააჩენს სამომავლოდ კონსენსუსის მიღწევის პრობლემას.
ევროკავშირმა კანონპროექტში ცვლილების სახით დამატება შეიტანა. ამჟამინდელი კანონპროექტის თანახმად, კავშირი დაუშვებს ელექტროსაწვავზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას, თუკი ისინი ეკოლოგიურად სრულიად სუფთა იქნება. ამასთან, აუცილებელია ეს განხორციელდეს სრულიად ახალი ავტომანქანების წარმოების დაწყებით, რომლებიც მხოლოდ ელექტროსაწვავის გამოყენებას შეძლებენ - შესაბამისად, გამოირიცხება შანსი, რომ ამჟამინდელი შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომანქანების წარმოება შენარჩუნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანიასა და ევროკავშირს შორის კანონპროექტში აღნიშნული დამატების დეტალებთან დაკავშირებით.
ამასთან, არსებობს ეჭვები, რომ ელექტროსაწვავი, ვინაიდან იგი ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ საწვავს, ვერ იქნება “მწვანე” და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა.
რა სურთ კომპანიებს?
ელექტროსაწვავს მხარს უჭერენ ისეთი გერმანული კომპანიები, როგორებიც არიან Bosch, ZF და Mahle; ასევე ნავთობისა და გაზის მრავალი კომპანია, რომელთა შორისაც არიან ExxonMobil და Repsol. რაც შეეხება კონკრეტულად ავტომწარმოებლებს, ელექტრონული საწვავის იდეას ფართოდ მხარს უჭერენ Piech, Porsche და Mazda. BMW-მ $12.5 მილიონის ინვესტიცია უკვე ჩადო ელექტროსაწვავის სტარტაპ-კომპანია Prometheus Fuels-ში, თუმცა მან ბევრად უფრო მეტი, მილიარდობით გაიღო სრულად ელექტრო მანქანებისათვის საჭირო ბატარეების შექმნისთვის.
Volkswagen და Mercedes-Benz უფრო მეტად სრულად ელექტრომანქანების იდეას უჭერენ მხარს. Volvo და Ford-მა მიმდინარე კვირას ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდეს, რომ უარი არ თქვან გეგმაზე, სრულად აიკრძალოს 2035 წლისთვის ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების წარმოება.