LIVE

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორებისთვის ახალ რეგულაციებს აანონსებს

20 მარ 202316:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 359
ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორებისთვის ახალ რეგულაციებს აანონსებს

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორების დასარეგულირებლად საკანონმდებლო პაკეტი მზად არის, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება. 

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს რეფერენტული მედიკამენტების ფასების მონიტორინგის პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს. 

„რეფერენტული ფასების ამოქმედების პირველ კვირაში იყო სამწუხარო შემთხვევები, როცა გარკვეულ მედიკამენტებზე ჩათვალეს, რომ ფასების გაზრდა შეიძლებოდა. საუბარია მედიკამენტებზე, რომლებსაც რეფერენტული ფასები არ შეხებია, ან შეეხო, მაგრამ ადრე უფრო დაბალ ფასად იყიდებოდა. ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება იყო და ძალიან ოპერატიულად მოხდა ფასების ძველ ნიშნულებზე დაბრუნება. 

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უკვე მზად გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, თუ რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ სხვადასხვა კანონში და ნორმატიულ აქტში, რომ კიდევ უფრო კარგად იყოს დარეგულირებული, როგორც ფარმაცევტული, ასევე ჰოსპიტალური მიმართულება, უფრო გამკაცრდეს ხარისხისა და საბიუჯეტო ხარჯების კონტროლი, ასევე მოხდეს ფარმაცევტული ბაზრის კიდევ უფრო ეფექტური მონიტორინგი. ასე რომ, ძალიან მალე, პარლამენტში ნახავთ ცვლილებების პაკეტს. ვფიქრობ, ესეც მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას, რაც კონტროლთან და მონიტორინგთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფერენტულ მედიკამენტებზე კონტროლი გამკაცრდება. მისი თქმით, თუ რეფერენტული წამლების ღირებულება განსაზღვრულზე მაღალი იქნება, პირველ ჯერზე შესაძლოა, გაფრთხილებით შემოიფარგლონ, შემთხვევის განმეორებისას კი ჯარიმა 5 000-დან 35 000 ლარამდე იქნება. 

15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა, რის შედეგადაც ფარმაცევტული კომპანიები ამ მედიკამენტებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად ვეღარ ყიდიან. აღსანიშნავია, რომ 18 მარტიდან წამლების სია გაფართოვდა და რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეს წამლებს საშუალოდ 40%-ით გააიაფებს.