LIVE

აზარაშვილი კომპანიებს წამლების გაძვირებასა და კარტელურ გარიგებებში ადანაშაულებს

27 თებ 202315:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 400
აზარაშვილი კომპანიებს წამლების გაძვირებასა და კარტელურ გარიგებებში ადანაშაულებს

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების შემდეგ, აფთიაქების უმეტესობაში წამლები გაძვირდა. მინისტრის ვარაუდით, საქმე შეთანხმებულ მოქმედებებს ეხება. აზარაშვილი აღნიშნავს, რომ კარტელური გარიგებების მიმართ სახელმწიფოს პოზიცია მკაცრი იქნება.

„სამწუხაროს, დაფიქსირდა ფაქტები, როცა აფთიაქების უმრავლესობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა ის მედიკამენტები, რომლებზეც არ ვრცელდებოდა რეფერენტული ფასები. ასევე მნიშვნელოვნად გაძვირდა, თურქული მედიკამენტები, რომლებზეც წინა წელს პარალელური იმპორტი დავუშვით. სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს შეთანხმებულ მოქმედებებთან. ეს ფაქტი ისევ და ისევ გამომდინარეობს იქიდან, რომ რამდენიმე ჰოლდინგი, ფარმაცევტულ ბაზარზე და მთლიანად სამედიცინო ბაზარზე, დომინანტია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ფასის, შეზღუდვის, დეფიციტის, ცვლილებების და ძალიან სამწუხარო ფაქტების შესაძლებლობა აქვთ.

მსგავს შემთხვევებზე ჩვენი რეაგირება ყოველთვის იქნება საკმაოდ მკაცრი, რადგან ჩვენი პოლიტიკა მიმართულია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, როგორც ფარმაცევტულ, ასევე სამედიცინო სექტორში. ყოვლად დაუშვებელია ის ფასები, რაც სამწუხაროდ, რეფერენტული ფასების დაწესებას მოჰყვა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს.

15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა, რის შედეგადაც ფარმაცევტული კომპანიები ამ მედიკამენტებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად ვეღარ ყიდიან. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეს წამლებს საშუალოდ 40%-ით გააიაფებს.