LIVE

თებერვალში საქართველოში ინფლაციამ 8.1% შეადგინა - საქსტატი

02 მარ 202311:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 710
თებერვალში საქართველოში ინფლაციამ 8.1% შეადგინა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.3%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 8.1% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის ტემპის შემცირების მიუხედავად, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6%-ით განისაზღვრა.  

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 14%-ით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - ფასების წლიური ზრდა 25.8%;
  • პური და პურპროდუქტები - 21%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 17.2%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 14.5%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 12.2%;
  • თევზეული - 12.1%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 10.2%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 9.8%;
  • ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე 0.3%-ით.   

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (38.7%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4%).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6%-ით. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8%).

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9.4% შეადგინა.

ორნიშნა ინფლაცია გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს, რასაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე წნეხის ეტაპობრივი განეიტრალება განაპირობებს.

მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება. ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის განახლებული შეფასებით, 2023 წლის ბოლოს საქართველოში ინფლაციის ტემპი 5.2%-მდე შენელდება. ამის მიზეზად დასახელებულია საბაზო ეფექტი, ვალუტის გამყარების გადაცემის დაგვიანებული ეფექტი, გლობალურად საქონლის ფასების შემცირება, ასევე მიგრაციული ნაკადის პიკის გადალახვის ფონზე ადგილობრივი მოთხოვნის ნორმალიზება.

Fitch-ი 2024 წლის ბოლოს 3.9%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, თუმცა მიუთითებს, რომ რისკები კვლავ მაღალი რჩება.